06 ივლისი 2024,   00:03
ვრცლად
ხმაური საავტორო უფლებათა ასოციაციის შენობასთან - სხდომაზე ასოციაციის წევრების წარმომადგენლები არ შეუშვეს

ხმაური საავტორო უფლებათა ასოციაციის შენობასთან - სხდომაზე არ შეუშვეს ასოციაციის წევრების წარმომადგენლები. საუბარია იმ პირების ინტერესების დამცველებზე, რომლებიც გიგა კობალაძეს უპირისპირდებიან.

საჭირო გახდა ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება. შედგა ოქმი. "ჯისიეიში" გადაწყვეტილების მიზეზები განმარტეს, რატომ არ დაუშვეს 150-მდე პირის ადვოკატი სხდომაზე, ისინი ირწმუნებიან, რომ ავტორთა წარმომადგენლებს დოკუმენტები არასწორად ჰქონდათ შედგენილი.

"სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტაცია არ არის. შესაბამისად, სამწუხაროდ, არ ეძლევათ კრებაზე დასწრების საშუალება. ჩვენი ავტორების უსაფრთხოებისთვის, ჩვენც მივიღეთ ზომები და ტერიტორია არის დაცული მაქსიმალურად, რომ რამე ინციდენტს არ ჰქონდეს ადგილი.

მორიგი კრებაა, რომელზეც განიხილება წესდებისა და სხვა მიმდინარე ასოციაციის საკითხები," - განაცხადა "ჯისიეის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

სხვა მიზეზებზე საუბრობენ თავად ადვოკატები.

"იმის შიშით, რომ მათ არ დაკარგონ მართვის სადავეები ორგანიზაციისა და კვლავ განაგრძონ ეს ქურდობა და მითვისება განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების, რომელიც აქამდე გრძელდებოდა, ამ მიზნით, სწორედ მათ დაიქირავეს დაცვის კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც სადარბაზოს შესასვლელში ხელს გვიშლიან გადაადგილებაში, არ გვაძლევენ კრებაზე გამოცხადების უფლებას და, ასევე, არ გვაძლევენ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას, რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობასაც არ გვაძლევენ, რის საფუძველზეც მივმართეთ პოლიციას საადვოკატო საქმიანობის ხელის შეშლისთვის გამოძიების დაწყების მოთხოვნით. არ გაჟღერებულა არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, უბრალოდ ისინი მიხვდნენ, რომ ასოციაციის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა არის უკმაყოფილო," - აცხადებს იურისტი ლადო რაფავა.

დღის ამბები