21 დეკემბერი 2024,   21:16
ვრცლად
ევროკავშირის "დემოკრატიის დაცვის პაკეტი" - ევროკომისიის ინიციატივას მმართველი გუნდი ქართული ოპოზიციის და მესამე სექტორის ლუსტრაციას უწოდებს

დადგა ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო - წერია პრესრელიზში, რომელშიც ევროკომისია უცხოური გავლენის შესახებ ახალი კანონპროექტის ინიციირებაზე საუბრობს. ევროსტრუქტურამ - დემოკრატიის დაცვის პაკეტის სახელით კანონი უკვე დაარეგისტრირა. პაკეტის მიზანი უცხოური გავლენის საფრთხესთან გამკლავებაა. „ევრობარომეტრის“ მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ევროპელების 81%-ის აზრით, უცხოური ჩარევა დემოკრატიულ სისტემებში სერიოზული პრობლემაა და რეაგირებას საჭიროებს.

ხალხის ძალაში ამბობენ, რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, მარტში, მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, ევროკომისიის ინიციატივაზე გაცილებით რბილ მიდგომებს ითვალისწინებდა. უმრავლესობის წევრების აზრით, ევროკომისიის ქმედებამ დაადასტურა, რომ 8-9 მარტის მოვლენები ოპოზიციის მხრიდან საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა იყო.

იმ ფონზე, როდესაც ევროკომისია არასამთავრობო სექტორში, მედიაში, ბიზნესსა და კვლევით ინსტიტუტებში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას კანონმდებლობის გამკაცრებით იწყებს - ქართულ ოპოზიციაში კვლავ ამტკიცებენ, რომ კანონი მხოლოდ რუსულ საფრთხეებს ეხება. თუმცა, ვერ ხსნიან კანონპროექტის რომელ პუნქტში ამოიკითხეს კონკრეტიკა რუსეთის შესახებ.

ევროკომისიის ინიციატივა ქართული ოპოზიციისა და მესამე სექტორის მორიგი ლუსტრაციაა მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს საზოგადოებას რუსულ კანონად მონათლული კანონპროექტი შეახსენეს, რომელიც მათი თქმით, რეალურად - "დემოკრატიის დაცვის პაკეტი" აღმოჩნდა. პოლიტიკოსების განმარტებით, ქართული საკანონმდებლო აქტი ევროპულ ანალოგთან შედარებით გაცილებით ლიბერალურად გამოიყურებოდა. თუმცა, ოპონენტებისა და მათი უცხოელი ლობისტების მიერ საპროტესტო მუხტის გასაღვივებლად საზოგადოებისთვის მისი მანიპულაციურად მიწოდება მოხდა.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ევროკომისიამ უკვე დაარეგისტრირა. ევროსტრუქტურები "დემოკრატიის დაცვის პაკეტს" 2024 წლის ევროპული არჩევნების წინ მიიღებენ.

დღის ამბები