16 სექტემბერი 2024,   23:04
ვრცლად
„გილოცავ საქართველო“ - ელჩებმა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცეს

„გილოცავ საქართველო“ - ეს ფრაზა საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა თავიანთი ქვეყნების ენაზე ჩაწერეს. გახარებულია ყველა. განსაკუთრებით კი დიპლომატიური კორპუსის ის ნაწილი, რომელმაც ასევე დიდი წვლილი შეიტნა საქართველოს ამ წარმატებაში. ჯერ ყველამ საკუთარ ენაზე მიულოცა ქართველ ხალხს მრავალწლიან და რთულ გზაზე გამარჯვება, შემდეგ კი ერთად.

ევროპული საბჭოს ცნობილ დარბაზში ბევრი გადაწყვეტილება მიღებულა. გუშინდელი - ისტორიაში შევა. საქართველოს და ევროპის ისტორიაში, რომელიც უკვე საუკუნეებია ერთად იწერება. სასიხარულო ამბით, ღამით თბილისში შარლ მიშელმა დარეკა და ქართველ ხალხს წინსვლა პირადად მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრის შინაარსზე მოგვიანებით უკვე სოციალურ ქსელში დაწერა - “მივულოცე ის ისტორიული კურსი, რომელიც ქვეყნებმა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ აიღეს” - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

ამ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა მილოცვები იმ ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომლებიც ხანგრძლივ დისკუსიებში პირადად იყვნენ ჩართულები და რომლებსაც საქართველოსთვის საკითხზე მწვანე შუქი მზად ჰქონდათ. მათ შორის იყო საფრანგეთის პრეზიდენტი - ემანუელ მაკრონიც, რომელმაც უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცოგოვინას დაწინაურება მიულოცა. "თქვენ ევროპული ოჯახის შეუცვლელი ნაწილი ხართ და იმსახურებთ თავისუფალ და დემოკრატიულ ერებთან ცხოვრებას. ვამაყობ ამ ღამით" - ასე მოულოცა საქართველოს ლატვიის პრეზიდენტმა. "ისტორიული დღეა ყველა ჩვენგანისთვის"- წერს მისი მეზობელი ესტონეთის ლიდერი.

სასიხარული განწყობა ჰქონდათ თავად ევროსტრუქტურების ლიდერებსაც. "დღეს ჩვენ ვდგამთ ისტორიულ ნაბიჯს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ"" - დაწერა სოციალურ ქსელში ჟოზეფ ბორელმა. "სტრატეგიული გადაწყვეტილება და დღე, რომელიც დარჩება ჩვენი კავშირის ისტორიაში. ვამაყობთ, რომ ვასრულებთ ჩვენს დანაპირებს და კმაყოფილი ვართ ჩვენი პარტნიორებით""- თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ვინც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. “ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ადასტურებს ჩვენი პარტნიორების ერთგულებას საერთო ღირებულებებისა და ევროკავშირის რეფორმების მიმართ," - ეს უკვე ევროპარლამენტის პრეზიდენტია. რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის სახელით გაფართოვებას სრულ მხარდაჭრას უცხადებს.

საქართველოს ამბავმა გაახარა სტრატეგიული პარტნიორი ოკეანის გაღმიდან. ვაშინგტონისთვის ეს გადაწყვეტილება, ევროკავშირის გაფართოვების ძლიერი გზავნილია. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისიც წერია, რომ ეს ნაბიჯი იმედთან ერთად - სტიმულის მომცემიცაა , რათა ქვეყნებმა საჭირო რეფორმები განაგრძონ. ამერიკის საგარეო სამსახურთან ერთად, გვილოცავენ თეთრი სახლიდანაც. უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმა. ნაბიჯი რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთისაც გადამწყვეტია,ისიც ადასტურებს, რომ თბილისს პირადად ნატოდან მიულოცეს. "ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას! ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს" - წერს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა.

ამ ისტორიული შედეგისთვის ბევრი შრომა გაწია არა მხოლოდ საქართველომ,არამედ ევროკავშირმა წევრმა სახელმწიფოებმა და მათმა ელჩებმა საქართველოში. რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, ამიტომ სიახლეს მომზადებულები დახვდნენ და მილოცვაც გადაწყვეტილებიდან რამდენიმე წამში გაახმოვანეს. სადაც საქართველოს მთელი ევროპა ულოცავს.

დღის ამბები