ევროინტეგრაციის პროცესში მომდევნო ეტაპი ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულებაა – მმართველი გუნდი გეგმავს, რომ რეკომენდაციები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეასრულოს და, 2024 წლის ბოლოს, წევრობაზე მოლაპარაკებების გასახსნელად, განაცხადი გააკეთოს.
"ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც უმთავრესი თარიღი. ახლა, ჩვენს ქვეყანას, ნამდვილად ეწყება ევროკავშირში გაწევრიანების პერიოდი. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია იმ რეფორმების გატარება, რომელიც სჭირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ახლა უკვე უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
"გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს პოლიტიკოსებს. მომავალი ნაბიჯები კიდევ უფრო რთულია," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.