16 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
როგორი იყო საქართველოსთვის 2023 წელი - პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის დიდი ნაწილი ეკონომიკურ წარმატებებს დაუთმო

მიმდინარე წლის ანგარიში პრემიერ-მინისტრმა, ბოლო წლების ეკონომიკური პარამეტრების შეჯამებით დაიწყო. 2012 წელთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა გასამმაგდა. დაბალია ბიუჯეტის დეფიციტი და ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს არ სცდება, შემცირდა საგარეო ვალიც. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველო უკვე გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლების ქვეყნების სიაში.

დადებითი ეკონომიკური მაჩვენებლები უმუშევრობის დონეს ამცირებს. შედარებისთვის, თუკი 2012 წელს უმუშევრობის დონე 26,7 პროცენტი იყო, შარშან ეს მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე - 17,3 %მდე შემცირდა. 2023 წლის სამივე კვარტალში დასაქმების მაქსიმალური მაჩვენებელი და უმუშევრობის მინიმალური დონე ფიქსირდება. კონკრეტულად კი 2023 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 15.6 პროცენტი იყო, დასაქმებულთა რაოდენობამ კი 366 ათასს მიაღწია. 2012 წელთან შედარებით შესამჩნევად გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 753-დან 1855 ლარამდე. ბიზნესსექტორში საშუალო, თვიური ხელფასიც 2,5-ჯერ - 758 ლარიდან 2010 ლარამდე გაიზარდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური პარამეტრების შეჯამებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს, როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით ეს მონაცემები საშუალებას იძლევა გაიზარდოს სამინისტროების დაფინანსება და შესაბამისად პრიორიტეტული გახდეს დარგობრივი განვითარება. მათ შორის აგრარულ სფეროში. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კონკრეტული ციფრებით საუბრობს და ამბობს რომ 2012 წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი უკვე 7-ჯერ მეტი, 688 მილიონი ლარია. მხოლოდ ვენახების ფართობი, ბოლო 11 წელიწადში 50 ათას ჰექტრამდეა გაზრდილი. ღვინის მარნების რაოდენობა კი 2012 წელთან შედარებით 2500-მდე გაიზარდა.

სოფლის მეურნეობის განვითარება, ქვეყანაში მოგზაურების რაოდენობის გაზრდას უწყობს ხელს. მხოლოდ 2023 წლის სამი კვარტლის შემოსავალმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული 3.3 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა. მხოლოდ წელს ქვეყანამ 6.6 მილიონამდე მოგზაურს უმასპინძლა და 4,4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. რეკორდულ, 1.7 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტი. ვიზიტორების მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, ახალი აეროპორტების მშენებლობასთან ერთად, კურორტების განვითარებაც იგეგმება.

კურორტების განვითარება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად მიმდინარეობს. თუ 2012 წლამდე მხოლოდ 68 კმ ავტომაგისტრალი აშენდა. 2013 წლიდან დღემდე, 3-ჯერ მეტი, 203 კმ მაგისტრალური გზა აიგო. ბოლო 11 წლის განმავლობაში, გზების მშენებლობა რეაბილიტაციას, 13 მილიარდ 600 მილიონი ლარი მოხმარდა. მხოლოდ წელს გზების მშენებლობისთვის 2 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 2012 წელს 376 მილიონი იყო. შედარებისთვის წელს ეს მაჩვენებელი 1 მილიარდ 914 მილიონი ლარია. მთავრობა გეგმავს, სკოლებისა და ბაგა ბაღების განახლება მშენებლობას. წელს ამ მიმართულებით 1,3 მილიარდი დაიხარჯება და ჯამში 885 ბაღის რეაბილიტაცია მშენებლობა განხორციელდება. დაწყებულია სკოლების მასშტაბური მშენებლობის 1 მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც 800 სკოლის კეთილმოწყობა მოხდება.

იზრდება გადაუდებელი დახმარების თანამშრომელთა და პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ანაზღაურებაც. ექიმის ხელფასი - 450 ლარიდან, 2023 წელს -2185 ლარამდეა გაზრდილი. ექთნის ანაზღაურება კი იგივე პერიოდში 300 ლარიდან 1664-მდე. რეანომობილების ავტოპარკი მომდევნო წლიდან 105 ავტომობილით განახლდება. პრიორიტეტულია ონკოლოგიურ პაციენტებზე ზრუნვა. მიმდინარე წლიდან ონკოლოგიური სერვისები ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებამ წამლების ღირებულება 60-80 პროცენტით გააიაფა. პენსიონერები კი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ პრეპარატებს უფასოდ მიიღებენ. პრემიერის შეფასებით, მოსახლეობამ მედიკამენტებში წლიურად 400 მილიონი ლარი დაზოგა. მნიშვნელოვნად გაიზარდა სოციალური საჭიროებების მქონე პირების ყოველთვიური დანამატი. მომდევნო წლიდან მოიმატებს პენსიაც. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერი 415 ლარს მიიღებს. მაღალმთიან დასახლებებში კი პენსია 500 ლარს გაუტოლდება. 70-მდე წლამდე ასაკის პენსიონერები 315 ლარს, მაღალმთიან დასახლებებში კი 380 ლარს მიიღებენ.

ბოლო 11 წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა ძალოვანი უწყებების ბიუჯეტი. სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული. შეიარაღება, სპეცტექნიკა და სისტემაში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურება ყოველწლიურად იზრდება, იზრდება სამხედრო მოსამსახურეთა და პოლიციელების სოციალური პაკეტების მოცულობაც.

იუსტიცია, კულტურა, სპორტი, გარემოს დაცვა - საქართველოს მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშში, ყველა სფეროს განვითარებას და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით ქვეყნის სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება, საქართველოს ევროპული მომავლის წინაპირობაა.

 

დღის ამბები