16 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
"არანაირი ხელოვნური ერთობა არ სჭირდება საქართველოს მოსახლეობას" - როგორ ეხმაურებიან სააკაშვილის ინიციატივას ოპოზიციაში

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის - სუპერ პაკ-ის შექმნას სთავაზობს. განცხადება ექსპრეზიდენტმა პროცესზე გააკეთა, სადაც მას დისტანციური ჩართვა ჰქონდა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ეს უნდა იყოს პოლიტიკური სათათბირო, რომელიც კონსენსუსის გზით, ახალი იდეების გენერატორი იქნება. სააკაშვილი ამბობს, რომ სათათბიროში 20-25 წევრი უნდა შევიდეს. მან მსგავსი გაერთიანების წევრობის სურვილი თავადაც გამოთქვა.

როგორ ეხმაურებიან სააკაშვილის ინიციატივას ოპოზიციონერი დეპუტატები - "ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნული ინიციატივა მისაღებია. მათი შეფასებით, ეს იქნება განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ამ რთულ საარჩევნო პროცესში.

"ეს იყო ჩვენი საერთო ინიციატივა იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც პოლიტიკური პარტიის წევრობა არ სურს, ან არ უნდა. ვისაც სურვილი ექნება, ძალიან მარტივად შემოუერთდება ამ კომიტეტს. ეს არ ეხება კონკრეტულ ადამიანებს,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.

"მე არ მივიჩნევ, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი ჩაანაცვლებს რომელიმე სხვა პოლიტიკოსის ან პარტიის წევრის ფუნქციას. ეს იქნება სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ამ რთულ საარჩევნო წელში," - აღნიშნავს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, სოფიო ჯაფარიძე.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციონერებს, პარტია "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილისთვის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა არასერიოზული და ღიმილისმომგვრელია. ამასთან, დაუშვილი ენმ-ის წევრებს ურჩევს, "მიწაზე დაეშვნენ და გააცნობიერონ, რომ "ნაცმოძრაობა" არის წარსულის პარტია და უნდა ჩაბარდნენ წარსულს."

მსგავს შეთავაზებას არ განიხილავს არც "ლელო."

"ლელო" არ აპირებს რაიმე ტიპის ოპოზიციურ ერთობაში ყოფნას. არ იგეგმება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. არანაირი ოპოზიციური, მით უმეტეს ხელოვნური ოპოზიციური ერთობა არ სჭირდება საქართველოს მოსახლეობას," - აღნიშნა "ლელოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ.

 

დღის ამბები