ოპოზიციური პარტიები "ლელოს" აკრიტიკებენ. პოლიტიკური პარტიების გაღიზიანება "ლელოს" ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც პარტიის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი ალტერნატივა "ლელოა." ხაზარაძის განცხადებას იზიარებენ მისი თანაგუნდელებიც და მის პოზიციას განავრცობენ.
"ლელო" ნამდვილად მიჩნევს, რომ ის არის შინაარსობრივად განსხვავებული პოლიტიკური ალტერნატივა. პოლარიზების შენარჩუნებაში დაინტერესებულია მხოლოდ 2 ძალა - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". დღეს, როდესაც რიგი პოლიტიკური პარტიები უერთდებიან "ნაციონალურ მოძრაობას", ამით მხოლოდ პოლარიზებას უწყობენ ხელს," - აღნიშნა "ლელოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ.
თავის მხრივ, ოპოზიციონერი კოლეგები "ლელოს" ურჩევენ, პოლიტიკური ვექტორი გაასწოროს და "ქართული ოცნების"კრიტიკით დაკავდეს.
"ყველას მოვუწოდებ, რომ სამიზნე გაასწორონ. არ უნდა დადგეს რიგში და ლანძღოს "ნაციონალური მოძრობა". ნუ გახდებიან ოპოზიციის ოპოზიცია. მთავარი არის ჩვენი ამომრჩეველი, მათი ინტერესები და ის პერსპექტივა, რომელი ევროკავშირის კუთხით გვაქვს," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ.
რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", პაატა მანგალაძის თქმით, მსგავსი შეფასებები - "ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები და კარგები" ბევრი უნახავს, თუმცა საბოლოოდ, ასეთი პარტიები ბარიერსაც ვერ ლახავენ.