მმართველი გუნდის მიერ გასაჯაროებულ ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების გეგმას ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ.
მმართველი გუნდის ოპონენტები, გავრცელებულ 8 გვერდიან დოკუმენტს დადებითად არ აფასებენ, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აპირებს რეკომენდაციების შესრულების პროცესში მმართველ გუნდთან ერთად იმუშაოს.
"გეგმა არ არის იმედის მომცემი. გეგმიდან მცირედი ჩამონათვალი სამუშაო ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც შეიქმნება პარლამენტში, ჩემი მიმართულებით, ვაპირებ მუშაობას "ქართულ ოცნებასთან", არა იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" მჯერა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება. ამ პროცესში უნდა ვაჩვენოთ განსხვავება და შედეგის კუთხით ალტერნატივა, რომელიც აუცილებელია ამ ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ გავრცელებული სამუშაო გეგმა ცხადყოფსი იმას, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებას.
"გვაქვს ორ პუნქტიანი გეგმა, როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის ხელისუფლების შეცვლა არჩევნებზე და შემდგომ, სწრაფი ტემპით იმ რეფორმების გატარება, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის. რაც შეეხება გეგმას, მის სხვადასხვა პუნქტები, მათ შორის რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხი, არის არასერიოზული და ცხადყოფს იმას, რომ ოცნება არ აპირებს შეასრულოს 9 დათქმა. თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმებზე ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.