საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს "ალფა პვპ-ს, "მეფედრონს", "მარიხუანას" და "ტეტრაჰიდროკანაბინოლს".
გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - ნათქვამია განცხადებაში.