16 სექტემბერი 2024,   22:51
ვრცლად
"ლელოს" "მარშალის გეგმა" - იცის თუ არა "ლელომ", რა ნეგატიური ეკონომიკური შედეგი შეიძლება მოჰყვეს მისი გეგმის ამოქმედებას და ვინ აპირებს მხარი დაუჭიროს მას ოპოზიციიდან

ეკონომიკური და უსაფრთხოების მაღალი რისკების შემცველი, ქსენოფობიური, - მმართველი გუნდი, "ლელოს" განახლებულ ე.წ. მარშალის გეგმას აკრიტიკებს. საუბარია, პარტიის ყრილობაზე გაჟღერებულ 9-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიხედვითაც პერსონალურად რუსეთის მოქალაქეებისთვის ოპოზიციური ძალა რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს. სავიზო რეჟიმის დაწესება, მიწისა და კერძო საკუთრების შესყიდვის აკრძალვა, რუსული ნომრით ავტომობილების შეზღუდვა და ბიზნესის რეგისტრაციის არდაშვება - ეს იმ საკითხების არასრული სიაა, რომლის გადაჭრასაც "ლელო" საკანონმდებლო დონეზე აპირებს. "ლელოს" დამფუძნებელს, დღეს სახელისუფლებო გუნდიდან წარსული შეახსენეს და პოლიტიკურ პოპულიზმშიც დაადანაშაულეს.

რა ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი შეიძლება მოჰყვეს "ლელოს" გეგმას - ამ კითხვაზე პარტიაში პასუხი არ აქვთ. ყოფილი ბანკირების მიერ დაფუძნებულ გუნდში დეტალურად ვერც უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ რუსეთის მოქალაქეების თავისუფალმა ეკონომიკურმა აქტივობამ, შესაძლოა ქვეყანას სამომავლოდ პრობლემები შეუქმნას.

"ლელოს" იდეებს იზიარებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიაში, რომლის დამფუძნებელმაც რუსეთთან სავიზო რეჟიმი აგვისტოს ომიდან 2 წელიწადში გააუქმა, დღეს რუსების შემოშვებას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს. ხაზარაძის გუნდის იდეებს, ნაწილობრივ, გახარიას პარტიაშიც ეთანხმებიან.

ყოფილი ბიზნესმენის გუნდი, პოლიტიკურ უმეცრებასა და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა "გირჩმა". პოლიტიკურ ცენტრში ამბობენ, რომ "ლელოსგან" პოპულიზმი და მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესების იგნორი არ უკვირთ.

"ლელოს" იდეების მიღმა, ქვეყნის რუსეთთან კონფრონტაციაში ჩაბმის სურვილს ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, მეორე ფრონტის იდეა ამ ფორმით აქტუალობას კვლავ ინარჩუნებს. პოლიტიკოსებმა ოპონენტებს დღეს რუსეთიდან წამოსული მოქალაქეების ეთნიკური წარმომავლობაც შეახსენეს.

"ლელოს" ყრილობა 23 დეკემბერს ჩატარდა. პარტიამ ახალი პოლიტსაბჭო აირჩია და რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ რეგულაციების გამკაცრების გეგმაც წარადგინა.

დღის ამბები