08 სექტემბერი 2024,   03:46
ვრცლად
მთავრობა ბრიუსელის 9 დათქმის შესრულებაზე მუშაობას იწყებს - ვინ არის პასუხისმგებელი მთავრობასთან ერთად პუნქტების შესრულებაზე და ვინ აპირებს ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფებში ჩართვას

რეფორმების განხორციელების ხედვები, პასუხისმგებელი უწყებები და ვადები მთავრობის სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირის პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაახლოება, პოლარიზაციის დასრულება და პარლამენტში ოპოზიციასთან ინკლუზიური მუშაობა, საარჩევნო, სასამართლო, პროკურატურისა და იუსტიციის საბჭოს რეფორმირება, ცესკოს, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის მიუკერძოებლობა, ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დამოუკიდებლობა და დეოლიგარქიზაციის მიღწევა - მომავალი წელი ამ პუნქტებზე მუშაობას უნდა დაეთმოს.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, მთავრობასთან ერთად, კიდევ ერთ პასუხისმგებელ ინსტიტუციად პარლამენტი განისაზღვრა. 9-დან 5 პუნქტზე საკანონმდებლო ორგანომ მთავრობასთან ერთად უნდა იმუშაოს, თუმცა პროცესი დახურული არ არის და, დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეობა ოპონენტებსაც შეუძლიათ.

ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მზად არის სამუშაო ფორმატებში ჩართვისთვის. რამდენიმე პარტია მიიჩნევს, რომ იმისთვის, რომ დოკუმენტი მათთვის მისაღები გახდეს, მსჯელობა აუცილებელია.

"ნაციონალური მოძრაობა" და მისი პოლიტიკური პარტნიორები პოზიციის ჩამოყალიბებას არ ჩქარობენ. მათი განცხადებებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, შარშანდელ გამოცდილებას გამოიყენებენ და პროცესს ბოიკოტს გამოუცხადებენ. "ლელოში" საკუთარი წინაპირობა აქვთ - მუშაობაში იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუკი მმართველი პარტია მათ კანონპროექტებზე მუშაობას დაიწყებს.

მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმა ევროკომისიას სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციის გამოცხადებამდე გადაეცა. პროცესის ინკლუზიურობა რომ ოპონენტებისთვის შეთავაზებული შესაძლებლობაა, ამაზე საუბრობენ მმართველ პარტიაში, თუმცა, დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციის ნაწილი შანსს არც ამჯერად გამოიყენებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან.

მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, სავარაუდოდ, იანვრიდან დაიწყება. დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის ბოლოს ყველა პუნქტი შესრულებული უნდა იყოს.

 

 

დღის ამბები