გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, ღაზაში მიმდინარე მოვლენები კატასტროფაა ისრაელისთვის, ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.
მისი თქმით, ამ ომს გავლენას აქვს უკრაინასთან მიმართებაშიც, ამასთან, სათანადო ყურადღება არ ეთმობა იმ სისასტიკეს, რომელსაც რუსეთი უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმებით სჩადის.
"ახლა ჩვენ მოჯადოებულ წრეში ვდგავართ და იგი უნდა გავარღვიოთ, ყველაზე უარესი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს უმოქმედობაა. ღაზაში მიმდინარე მოვლენები კატასტროფაა ისრაელისთვის, ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ ის ნაპერწკალი, რომელმაც შესაძლოა მთელი რეგიონი კონფლიქტში ჩაითრიოს. ცეცხლი უნდა შეწყდეს და ამ მოწოდების ადრესატი ორივე მხარეა. ჩვენ ამ ომის გავლენას ვხედავთ უკრაინასთან მიმართებაშიც. სათანადო ყურადღება არ ეთმობა იმ სისასტიკეს, რომელსაც რუსეთი უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმებით სჩადის", - განაცხადა ბერბოკმა დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 60 სახელმწიფო ლიდერი და 3 000 მაღალი რანგის სტუმარი მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილვას.
ამასთან, შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.