16 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
"ასეთ დროს, ყველა პირის კონსტიტუციური უფლებები უნდა იყოს დაცული... ხშირად კანონი ერთ მხარესაა, ხოლო ემოცია - მეორე მხარეს" - დავით მათიკაშვილი გამოსახლების შესახებ

მმართველი გუნდი გამოსახლების პროცესზე და ამ თემით ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციებზე საუბრობს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტების შემთხვევაში, კანონმდებლობა და ემოციები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

"ზოგადად, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რაც აღსრულების ქვემდებარეა, ამაზე სახელმწიფო უარს ვერ იტყვის. ბუნებრივია, ეს უნდა არსებობდეს. სხვა შემთხვევაში, დაგვრჩება, მაგალითად, საკუთრების უფლება დაუცველი და ბევრი ისეთი უფლება, რომელიც ფუნდამენტური უფლება გახლავთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ რეგულირდებოდეს, ან მაქსიმალურ ლმობიერებას არ იჩენდეს სახელმწიფო, როდესაც ასეთი ტიპის აქტივობები იგეგმება. ეს უნდა იყოს თავის ადგილას და ღრმად მწამს, ყოველ შემთხვევაში, ამას კანონმდებლობა მაქსიმალურად ხელს უწყობს, რომ იყოს მაქსიმალურად ლმობიერი, მაქსიმალურად ორიენტირებული ე.წ. მოვალის ინტერესზე,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი კი ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას როგორც მესაკუთრის, ისე მოვალის ინტერესები.

"ასეთ დროს, ყველა პირის კონსტიტუციური უფლებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. ხშირად, კანონი ერთ მხარესაა, ხოლო ემოცია - მეორე მხარეს. ასეთია მოცემულობა, რადგანაც სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ როგორც მესაკუთრეს ინტერესები იყოს დაცული და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ მესაკუთრეები უნდა სარგებლობდნენ, ფლობდნენ და განკარგავდნენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას; ასევე, რა თქმა უნდა, იმ პირების ინტერესები უნდა იყოს კონსტიტუციური უფლებით დაცული ვინც, კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ქონებაში იმყოფებიან. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ ყველა მიმართულებით, ყველა პირის ინტერესი მაქსიმალურად დაიცვას, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონსტიტუცია იცავს როგორც პიროვნებას და მის უფლებებს, ასევე საკუთრების უფლებასა და საკუთრების უფლების საკითხიც არის ძალიან მნიშვნელოვანი," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები