16 ნოემბერი 2024,   03:00
ვრცლად
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სამთავრობოთაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სამთავრობოთაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება, რომელიც სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. შესაბამის მემორანდუმს ხელი მოეწერა საგარეო საქმეთა მინისტრის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილის და მისი კოლეგის, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანის შეხვედრის შემდგომ. 

მემორანდუმის თანახმად, მთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრები მიიღებს რეგულარულ ხასიათს. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შექმნას, რომლებიც პერიოდულად გამართავენ სხდომებს და კონსულტაციებს.

დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრობას.

ილია დარჩიაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოსთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაძლიერებაზე ტურიზმის, ხალხთაშორისი და კულტურული მიმართულებით.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვმასპინძლობ ჩემს კოლეგას ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, სადაც ხელი ეწერება საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ჩვენს პოზიტიურ ურთიერთობაში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდა, განსაკუთრებით, პრემიერ მინისტრის ვიზიტისა და პრინცთან შეხვედრის შემდეგ, სადაც ჩვენ აღნიშნული საბჭოს შექმნის შესახებ შევთანხმდით, რადგან გვაქვს რწმენა, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა და თანამშრომლობის კიდევ უფრო აქტიურ ეტაპზე გადავიდეთ. თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უფრო კონკრეტული შედეგებისთვის და ჩვენ ამ მუშაობას გავაგრძელებთ ქართველი კოლეგების დახმარებით. მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ამ თანამშრომლობის მომავალს, განსაკუთრებით ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით, და მოუთმენლად ველოდები თქვენს გუნდთან ერთად მუშაობის გაგრძელებას." - აცხადებს პრინცი ფაისალ ბინ ფარჰანი. 

 

დღის ამბები