აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, უკრაინა მეორე, საქართველო კი მესამე ადგილზეა. ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა გამოაქვეყნა. ეს არის მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის საქმიანობას აფასებს და ადგენს მათ პროგრესს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ.
ირკვევა, რომ კვლევის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გუნდმა ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებები გამოიყენა. საქართველოდან ჩართულ ექსპერტებს შორის არიან კახა გოგოლაშვილი, გელა კვაშილავა, კორნელი კაკაჩია დ თამარ ხიდაშელი.
მმართველი გუნდის შეფასებით, ამ დოკუმენტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არასამთავრობო სექტორი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს და ევროკავშირის გზაზე საბოტაჟს ეწევა.
"როდესაც საქართველოში ე.წ. არასამთავრობო სექტორი, რომელსაც წესით უნდა ჰქონდეს იმის სურვილი, რომ სახელმწიფოს და საზოგადოებას ემსახუროს, აქვეყნებს ისეთ კვლევებს, რომელიც არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამწუხაროდ ისინი არიან იმ უცხოური ძალების წარმომადგენლები, საიდანაც ფინანსდებიან და რომლებიც ახალისებენ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. რაც თქვენ თქვით ახლა, ეს არის საქართველოს ენჯეოების მიერ მიწოდებული ინფორმაცია. მათ არა ერთხელ თქვეს, რომ ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას საქართველოში არსებული არასამთავრობო სექტორიდან და ასევე არა ერთხელ თქვეს, რაც მათ შორის ოპოზიციამ დაადასტურა, რომ ისინი იბრძოდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.
თუ პუტინის გზას მიჰყვება ქვეყანა, ევროსაბჭომ როგორ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი? თუ პუტინის გზას მიჰყვება ქვეყანა, შეერთებული შტატები რატომ აგრძელებს პარტნიორულ ურთიერთობას და პირიქით, მათ შორის, ვეთანხმებით, რომ უნდა გავაღრმავოთ პარტნიორებთან ურთიერთობები. თუ პუტინის გზას ადგას ქვეყანა, მაშინ როგორ ხდება, რომ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ წარმატება აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ხომ ერთმანეთთან საერთოდ არ არის თავსებადი. ამიტომ, ზუსტად ის არის სიმართლე, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ენჯეოები ებრძოდნენ და ებრძვიან ქართულ ტრადიციულ სახელმწიფოებრივ მიდგომებს, ყოველთვის", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.
მათივე თქმით, რეალობა სულ სხვაა და ეს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით დასტურდება.
"ეს ის ენჯეოები არის ის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქვეყანას ერთზე მეტი რეკომენდაცია არა აქვს შესრულებული და სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაშიო ქვეყანა ვერ მიიღებსო კანდიდატის სტატუსსო. მაგრამ ამ ადამიანებმა ვერაფრით ვერ მოინელეს და ვერ შეეგუენ იმ ფაქტს, რომ ქვეყნის პროგრესი, რაც აისახა კანდიდატის სტატუსში, მათ ამის მიუღებლობა აქვთ. ყველანაირ პროგრესთან მიმართებაში აქვთ მიუღებლობა, რამე თუ მათი ზრახვები არის ჩაშლილი.
ყველა კარგად ხედავს საქართველოს სახელმწიფოს პროგრესს და წინსვლას და ამ ადამიანებს ვერ დავანახეთ, და არა მარტო ჩვენ, არამედ საკუთარმა ქვეყანამ ვერ დაანახა ის, რისთვისაც უნდა გიყვარდეს ეს ქვეყანა და ეს ხალხი,"“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.