პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, "აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს" ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროსტრუქტურებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.
"პოლიტიკოსები არიან ის ხალხი, რომელიც, რეალურად, არასამთავრობო სექტორის სტატუსით, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს. სადაც აუცილებელია, რომ შეფასდეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხები პროფესიონალურად და არ იყოს ეს დამოკიდებული მიკერძოებულ აღქმებზე, აი იქ, სამწუხაროდ, რეალურად ბევრი რამ ყალბდება.
მტკნარი ტყუილია, რა ინფორმაციაც მიეწოდა, ამ შემთხვევაში, ევროსტრუქტურებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც საქართველოს ევროინტეგრაციაზე მეტად მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ. მათთვის არ არის პრიორიტეტული საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ვიდრე მათთვის სასურველი ხელისუფლება არ იქნება საქართველოში", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
მოლდოვა, უკრაინა და საქართველო - ეს ევროკავშირთან დაახლოებაში "აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ინდექსია", რომელიც, როგორც ირკვევა, პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებებით შექმნა. ანგარიშის ავტორები ქულების დაწერის დროს ადგილობრივი ექსპერტების მიერ მიწოდებულ მასალებს ეყრდნობიან, რაც იმას ნიშნავს, რომ, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, ქართველებმა საკუთარ ქვეყანას დაბალი ქულები დაუწერეს. მმართველი გუნდი ფაქტის მიღმა, ოპოზიციისა და მათი უცხოელი პარტნიორების კვალს ხედავს.