29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
ადამიანური მსხვერპლი, გადახდილი სახურავები სახლებზე და დაზიანებული ელექტროსისტემა - სტიქიამ ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მცხოვრები ოჯახის სახლს სტიქიამ მაშინ გადაუარა, როცა ცოლ–ქმარს ეძინა. გამოღწევა მხოლოდ მამაკაცმა შეძლო. ისიც მეზობლების დახმარებით. ზვავმა 63 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

6 თებერვლის დილა საბედისწერო აღმოჩნდა კიდევე ერთი ადამიანისთვის. ქედაში მცხოვრებმა 50 წლამდე მამაკაცმა მეწყერს თავი ვერ დააღწია, საცხოვრებელ სახლში ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა. მაღალმთიან აჭარაში ადამიანებმა სტიქიასთან ბრძოლა გამთენიისას დაიწყეს. მოულოდნელად მოსულმა წვიმამ მეწყრული პროცესები დააჩქარა. მთიდან ჩამოშლილი მიწა ადგილობრივებს ეზოებში და სახლებში შეუვიდათ. იყო ზვავიც.

აჭარლებს ასეთი სტიქია ჯერ არ ახსოვთ. პროცესები გამთენიისას დაიწყო და მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტში 100–ზე მეტ ლოკაციაზე ერთდროულად განვითარდა. ბუნებრივმა პროცესებმა არაერთი სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა. ახლა აქტიური გაწმენდითი სამუშაოებია დაწყებული, თუმცა პროცესს ძლიერი თოვა, ინტენსიური წვიმა და ქარი აფერხებს.

სტიქიის ზონაა რაჭაც. მსხვერპლი არ არის, თუმცა სოფლებამდე მისასვლელი გზები იქაც ჩაკეტილია. თოვლის საფარი, უმეტეს შემთხვევაში, ერთ მეტრს აჭარბებს. რაჭა–ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემაც შეიქმნა. შეჩერებულია საგანმანათლებლო პროცესიც.

ჭიათურაში ადგილობრივის მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ მიედინება ღვარცოფული ნაკადი ქუჩაში პირდაპირ საცხოვრებელი სახლების გავლით. სტიქია იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტს დაატყდა თავს. რეგიონის მასშტაბით, ძლიერმა ქარმა 600–ზე მეტი საცხოვრებელი სახლი სახურავი გარეშე დატოვა.

მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ზუგდიდი, ანაკლია – სტიქიას ვერც სამეგრელო გადაურჩა. დაზიანებულია სახლები, სკოლები და საგზაო ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს. ინტენსიური თოვის გამო პრობლემები შეიქმნა სვანეთშიც. რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ძლიერი თოვაა კახეთშიც, რამაც პრობლემა ძირითადად გზებზე შექმნა. უხვ ნალექს ებრძვიან შიდა ქართლის რეგიონშიც. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

მოსახლეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სტიქიის შედეგებს ებრძვის. რეგიონებში ზარალს ითვლიან. სპეციალისტები გამოდარებას რამდენიმე დღეში ელოდებიან.

ავტორი: ნესტან ცაგელიშვილი

დღის ამბები