29 ივნისი 2024,   11:54
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში საავადმყოფო და საცხოვრებელი სახლები დაბომბეს - ქვეყანა იძულებულია თავდაცვის რეჟიმზე გადავიდეს

3 დაღუპული და 12 დაშავებული - ცხედრებს შორის 8 წლის ბავშვი და მისი დედაა. კიდევ ერთი მსხვერპლი ფეხმძიმე ქალია - ოკუპანტის მასშტაბური იერიშის ქვეშ, დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვე, მთელი ღამის განმავლობაში იყო. აგრესორმა მიზანში საავადმყოფოს შენობა და საცხოვრებელი სახლები ამოიღო. პაციენტების ნაწილი ევაკუირებულია, ნანგრევებში გადარჩენილებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

განგაშის ხმა ისმოდა უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. სხვადასხვა კალიბრის შეიარაღება, რუსმა სამხედროებმა, ხერსონზე იერიშისთვის გამოიყენეს. მოსახლეობამ ღამე თავშესაფრებში გაატარა.

რუსეთის მხრიდან შეტევების ინტენსივობის ზრდა დაადასტურა ქვეყნის ახალმა მთავარსარდალმა. ოლექსანდრ სირსკის თქმით, ქვეყანა იძულებულია თავდაცვით პოზიციაში გადავიდეს.

ახალი მთავარსარდლის ტაქტიკას, სკეპტიკურად აფასებს ოლექსი არესტოვიჩი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი, სირსკის და რუსეთის კავშირებზე საუბრობს.

თავდაცვითი ტაქტიკის მიუხედავად, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ძალას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. უკრაინელმა სამხედროებმა 1060 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. აფეთქებულია 9 ტანკი, 39 ჯავშანმანქანა, 66 საარტილერიო სისტემა და 39 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ადასტურებს მედიის მიერ გავრცელებულ ცნობას, რუსული სამხედრო-სადესანტო ხომალდის ჩაძირვასთან დაკავშირებითაც. ვრცელდება ოპერატიული მასალაც, სადაც ჩანს თუ როგორ ესხმიან უკრაინული დრონები თავს "ცეზარ კუნიკოვს". გემი ოკუპირებული ყირიმის სიახლოვეს ჩაძირეს. ეს ხომალდი რუსეთმა 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში გამოიყენა.

მტრისთვის მეტი ზიანის მისაყენებლად და შეტევებისგან თავდასაცავად, უკრაინამ უახლოეს პერიოდში ამერიკისგან, შესაძლოა დამატებით 60 მილიარდი დოლარი მიიღოს. ახალი პაკეტი შეერთებული შტატების სენატმა უკვე დაამტკიცა. სტრატეგიულ პარტნიორს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ვოლოდიმირ ზელენსკი.

60 მილიარდიანი დახმარების მისაღებად, ახლა კონგრესმენების დადებითი პასუხია საჭირო. ამის შემდეგ, დოკუმენტს ხელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოაწერს.

დღის ამბები