16 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
მივიღეთ გადაწყვეტილება, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს - მამუკა მდინარაძე

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები მაღალ დონეზე, განურჩევლად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების წესისა. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველანი ვთანხმდებით პრინციპზე, რომ არავის და მით უმეტეს ხელისუფლების საქმე არ არის ვინმეს განსჯა. ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია ადამიანის, მათ შორის არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აღმოფხვრა ასეთ ადამიანებზე ზეწოლის, მათი შანტაჟის, პირადი ცხოვრების ხელყოფის უხეში პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების გამორჩეული ხელწერა იყო. ქართული საზოგადოება ყოველთვის იყო ტოლერანტული, თუმცა, ქართული საზოგადოება არ არის და ვერ იქნება ტოლერანტული ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მიმართ. ვხედავთ მძიმე ტენდენციებს მსოფლიო მასშტაბით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების კუთხით. ეს პროპაგანდა სულ უფრო უხეშ ფორმებს იძენს. რაც მთავარია, პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, 18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობა უკვე დაახლოებით 20 პროცენტს, ზოგან კი მეტსაც შეადგენს. შემაშფოთებელია, რომ ეს მაჩვენებელი 7 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა, ზრდა კი ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ეს პროპაგანდა ამ მიმართულებით განსაკუთრებით გაქტიურდა.

2017 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შევზღუდეთ და საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩავწერეთ, რომ ქორწინება, ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამის მიუხედავად, შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას. ჩვენ უკვე გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც უცხოელების მხრიდან ადგილი ქონდა ტერმინოლოგია „ქალისა და მამაკაცის და გენდერული თანასწორობის“ შემოღების მოთხოვნას და ჩვენ ამის უარსაყოფად საკმაოდ სერიოზული ბრძოლის გადატანა მოგვიხდა (ამის ჩაწერა ნიშნავდა, რომ მდედრობითისა და მამრობითის გარდა, სხვა სქესიც უნდა გვეღიარებინა) დღეს მსოფლიოში ფსევდოლიბერალები ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი და ა.შ. ითხოვენ ე.წ. „გენდერულად ნეიტრალური“ ტერმინოლოგიის დანერგვას, როგორიცაა მშობელი 1 და მშობელი 2 და ა.შ. ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება მაგალითად პასპორტიდან სქესის შესახებ ჩანაწერის ამოღება. ისინი საქართველოში ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ მაშინ, როდესაც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ამას, სრულიად სამართლიანად, პროპაგანდად აღიქვამს და ე.წ. „პრაიდის“ ჩატარების წინააღმდეგია. მეტიც, ამგვარი აგრესიული პროპაგანდა პირიქით, უარყოფითად მოქმედებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვაზე.

წარმოებს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი. მთელ რიგ სახელმწიფოებში დაკანონდა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციები და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციებიც. აქტიურად გამოიყენება ამ იდეოლოგიის გასავრცელებლად მსხვილი კომპანიები, მედიასაშუალებები, კინოინდუსტრია და ა.შ. მათ შორის ამის მაგალითები საქართველოშიც გვქონდა გახსოვთ ანიმაციურ ფილმებში, სატელევიზიო სერიალებში, თუ სხვა მიმართულებით. ამ პროპაგანდას არავითარი კავშირი არა აქვს ადამიანის უფლებების დაცვასთან. მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ცხოვრების არატრადიციულ წესს. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია კი სერიოზული საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის, რასაც საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს.
ამდენად, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები ძალიან პრინციპულად უნდა იყოს და იქნება დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, თუმცა, არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი  პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე. ყველა, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ღირებულებების წინაშე, ვალდებულია და მოვუწოდებთ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ არის," - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები