"ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ აქტივთან შეხვედრები დაიწყო. ბათუმში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის კითხვებს უპასუხა. ჯანდაცვის მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით, ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ აზრთა სხვადასხვაობა პრემიერსა და მინისტრს შორის ბუნებრივი პროცესია. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს განხორციელებული რეფორმები გაიხსენა.
კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემა დასახელდა მთავარ მიზეზად, რის გამოც ზურაბ აზარაშვილმა მინისტრის პოსტი პრემიერთან საუბრის შემდეგ დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში, კომუნიკაციასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობს. მამუკა მდინარაძე იმ შეხვედრებშიც მონაწილეობდა, რომელთა შემდეგაც პრემიერმა კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება შეცვალა.
საკადრო ცვლილებაზე განცხადება ბათუმში გაკეთდა. სწორედ აჭარიდან დაიწყო "ქართულმა ოცნებამ" პარტიულ აქტივთან შეხვედრები. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მხარდაჭერებთან დღეს მთავარი გზავნილი გაახმოვანა და თქვა, რომ მმართველი გუნდი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის და საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად ემზადება. შეხვედრების მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანიც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აქცენტი, საარჩევნო პროცესში, მხარდამჭერების როლზე გააკეთა.
წინასაარჩევნო სამზადისზე საუბრობენ "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ამბობენ, რომ მმართველი პარტიის ლიდერებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
"ქართული ოცნება" პარტიული ღონისძიებების გამართვას 100 დღის განმავლობაში - 10 რეგიონში გეგმავს.