25 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
ამერიკის ელჩმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა

შეერთებული შტატები შეშფოთებულია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ინიცირების გამო. ამერიკის ელჩმა ინიციატივის პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა.

რობინ დანიგანის განცხადებით, შეშფოთების საფუძველი, ერთი მხრივ, არის ის, რომ პროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს, მეორე მხრივ კი, უარყოფით გავლენას იქონიებს სამოქალაქო საზოგადოებაზე. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს პოზიცია არ დაუფიქსირებია მხოლოდ შტატებს და პროექტზე შეშფოთება გამოთქვა ევროპამ.

"ეს შეშფოთება მხოლოდ აშშ-ს არ აქვს. ევროკავშირმა, ნატო-მ, ევროპულმა საბჭომ, ევროპარლამენტმა, მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ და პარლამენტმა, გაერო-მ ასევე გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს კანონპროექტი უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე. თუ გექნებათ კანონპროექტი, რომელზეც თქვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები გეუბნებიან, რომ სერიოზული შეშფოთება აქვთ, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის, ამაზე უნდა დასვათ კითხვა.

მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი. აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას.

ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული.

ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამით, კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას“, - აცხადებს დანიგანი.

დღის ამბები