27 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
ვითარება ისრაელში - სამხედრო ექსპერტები ისრაელისგან ირანზე საპასუხო თავდასხმას ელოდებიან

ისრაელში, ამ წუთებში, სიმშვიდეა. მოსახლეობა ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდება. სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა აღადგინეს, თუმცა, სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

გასულ ღამეს, ირანმა ისრაელს შეუტია. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების 99% "რკინის გუმბათმა" მოიგერია. რეგიონული კონფლიქტის გაფართოების საფრთხე რეალობად იქცა - ირანმა მუქარა 14 დღის შემდეგ შეასრულა.

14 აპრილს, ევროპის დროით ღამის 2 საათიდან, ისრაელი საჰაერო განგაშის სიგნალმა გამოაღვიძა. შეტევის ერთ ტალღას მეორე მოჰყვა, თუმცა ცეცხლმა მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოოდ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ერთი ღამის თავდასხმა ასე შეაჯამა: "ჩვენ მოვიგერიეთ, დავბლოკეთ, ერთად გავიმარჯვებთ," - დაწერა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი და "საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს".

გასულ ღამეს შედგა საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის. შეხვედრისას ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს სთხოვა, ისრაელმა ირანის თავდასხმას არ უპასუხოს და კონფლიქტი არ გაამწვავოს. თუმცა, სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ უახლოეს 24 საათში მოსალოდნელია ისრაელმა საკადრისი პასუხი გასცეს ირანის რეჟიმს წუხანდელ თავდასხმაზე.

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე

 

დღის ამბები