06 ნოემბერი 2026,   17:03
ვრცლად
ირლანდიაში ბომბის მუქარის გამო რამდენიმე მედიასაშუალების ევაკუაცია განხორციელდა

ბომბის შესახებ მიღებული მუქარების გამო, ირლანდიაში რამდენიმე მედიაორგანიზაციის, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ევაკუაცია განხორციელდა - წერს მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, RTÉ-მ და ირლანდიასა თუ დიდ ბრიტანეთში მოქმედმა ათობით მედიასაშუალებამ მიიღეს ელექტრონული წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბომბი 45 წუთში აფეთქდებოდა.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დუბლინში RTÉ-ის კამპუსიდან, ასევე Mediahaus-ისა და Independent News Media-ს ოფისებიდან თანამშრომლები გაიყვანეს. Virgin Media-მაც მიიღო მუქარა, თუმცა მაუწყებლობა არ შეუწყვეტია.

ირლანდიის მთავრობა აცხადებს, რომ მუშაობს დამნაშავეების დასადგენად. ხელისუფლების შეფასებით, ეს ინციდენტი ევროპის მასშტაბით ავიარეისების შეფერხებას უკავშირდება და, სავარაუდოდ, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია.

ბოლო დღეებში ჩეხეთში, რუმინეთსა და იტალიაში თვითმფრინავები იძულებით დაეშვნენ ბორტზე ბომბის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო. ევროკავშირი ქვეყნებს ინციდენტების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები