16 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
თინა ბოკუჩავა დამემუქრა, ენას კბილს თუ არ დააჭერ, ჩვენგან მოწოდებული კორსიზი ვეღარ გიშველისო - რიმა ბერიძე

ბოკუჩავა დამემუქრა, ენას კბილს თუ არ დააჭერ, ჩვენგან მოწოდებული კორსიზი ვეღარ გიშველისო, არის თუ არა ეს ძალადობა? თუმცა ტრიბუნასთან ქალთა უფლებებს იცავდა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, რიმა ბერიძემ პარლამენტში განაცხადა.

რიმა ბერიძის თქმით, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები უმრავლესობის წევრი ქალი დეპუტატებისადმი "არნახულ აგრესიას ავლენენ" და პარლამენტის სასესიო დარბაზში მუქარასაც კი არ ერიდებიან.

"დღეს ოპოზიციამ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი მოიწვია ქალთა ძალადობის საკითხებზე სასაუბროდ, თუმცა რამდენიმე ქალს ვხედავთ პარლამენტში, ვისაც აინტერესებთ ამ საკითხების მოსმენა და განხილვა. როგორც აღმოჩნდა, ეს თემა მათთვის საინტერესო სრულიად არ ყოფილა, რადგან ამავე საკითხის განხილვაზე ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები უმრავლესობის წევრი ქალი დეპუტატებისადმი არნახულ აგრესიას ავლენენ და პარლამენტის სასესიო დარბაზში მუქარასაც კი არ ერიდებიან.

რაშია საქმე – რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გავხდი, როცა მამუკა მდინარაძეს ვერაგულად მიეპარა ელისაშვილი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ქალბატონმა დეკანოიძემ მომაწოდა ერთი აბი კორსიზი. დღეს მოდის ქალბატონი ბოკუჩავა, მანამდე ძალიან შეურაცხმყოფელ წინადადებებს ავრცელებდა ჩუმად ჩვენს ქალბატონებთან მიმართებით, როგორც ყოველთვის სჩვევიათ. მან ჩემგან მიიღო პასუხი, მაგ სიმართლით იარე შენ, რასაც ახლა ობიექტურად საუბრობ-მეთქი. მოვიდა, დამემუქრა და მეუბნება, ენას კბილს თუ არ დააჭერ, ჩვენგან მოწოდებული კორსიზი ვეღარ გიშველისო.

მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩვენს ხალხს, საზოგადოებას და ძალიან ბევრი ადამიანის, ბევრი ოჯახის, ბევრი ქალის გვერდით ვიდექი და ვიდგები მუდამ. ეს არის ჩემი ჰობი და ეს არის ჩემი მრწამსი, მაგრამ, იცით, რა მაინტერესებს? სამი შვილის დედა, ჩემი შვილის თანატოლი გოგო მოდის ჩემთან და მემუქრება. ქალბატონო ბოკუჩავა, სახლში რომ დაბრუნდები დღეს, მაინტერესებს, შენს სამ შვილს რას ეტყვი, რა პასუხს გასცემ? არის თუ არა ეს ძალადობა შენს კოლეგაზე, დედისტოლა ქალზე და რა არის შენი, ზოგადად, საზოგადოებრივი პრინციპი? თუმცა ტრიბუნაზე გამოდიოდა და ქალთა უფლებებს იცავდა. შენ ნამდვილად გჭირდება მედიკამენტი და თუ ამის შესაძლებლობა მექნება, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად დაგეხმარები,"-განაცხადა რიმა ბერიძემ.

დღის ამბები