19 მაისი 2024,   18:56
ვრცლად
დატბორილი ეზოები, ჩამოშლილი მიწა, წაქცეული ხეები და დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა - უხვმა ნალექმა თბილისის რამდენიმე უბანს სერიოზული პრობლემები შეუქმნა

ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის რამდენიმე უბანს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ვაკის რაიონში, ბოკუჩავების ოჯახი ერთადერთია, ვისაც უხვმა ნალექმა ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნა. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ოთახებში წყლის ჩასვლასთან ერთად, სახლის უკან მხარეს მეწყრული პროცესიც განვითარდა.

ყიფშიძის 4-ნომერთან გზის სავალი ნაწილი მთლიანად ჩანგრეულია. დამცავი ბეტონის ჯებირი წყალმა წაიღო და გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა. ახლა ტერიტორია უსაფრთხოების გამო ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. სტიქიის შედეგებს ექსპერტიზის ბიურო სწავლობს. აღნიშნულ დასკვნაზეა დამოკიდებული მოუწევს თუ არა ბოკუჩავების ოჯახს დროებით, ალტერნატიულ ფართში გადასვლა.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გლდანის რაიონშიც. მუხიანის აგარაკებზე დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, წყალი ჯერ ეზოებში, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა. ადგილობრივები მთელი დღის განმავლობაში წყლის ამოტუმბვას ცდილობდნენ.

გლდანის რაიონში დილიდან ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა, მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები და გზა უკვე გაწმენდილია. რაიონის გამგებლის განცხადებით, წყლის სისტემის მოწესრიგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯერ დასრულებული არ იყო და სწორედ ამიტომ, უხვი ნალექის გატარება ვერ მოხერხდა.

დროებით შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზეც. ძლიერმა წვიმამ კლდოვანი ფერდიდან მიწის მასა იმ ადგილზე ჩამოშალა, სადაც დამცავი ბადეების მოწყობა მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის.

სინოპტიკოსები ხვალიდან დედაქალაქში ტემპერატურის მომატებას და გამოდარებას ელოდებიან.

 

 

 

 

დღის ამბები