25 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
დაკავებები, დაპირისპირება, რკინის ჯებირების მოშლა - საპროტესტო აქციის ქრონოლოგია პარლამენტთან

პარლამენტში კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებას, პარლამენტის გარეთ უმართავი პროცესები მოჰყვა. დემონსტრანტების ნაწილმა რუსთაველის გამზირის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის ჯებირის მონგრევა დაიწყო, რასაც სპეცრაზმმა დაკავებებით უპასუხა.

საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ შესასვლელთან სამართალდამცავებმა ათამდე პირი აიყვანეს. სპეცრაზმელებს დაკავებული მომიტინგეები პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე შეჰყავდათ.

დაკავებები რუსთაველის გამზირზე დღის მეორე ნახევარში დაიწყო. მაშინ, როცა ახალგაზრდების ჯგუფმა სპეციალურად მოწყობილი შემაკავებელი ჯებირები დააზიანა. აქტივისტებმა ლითონის დამცავი ერთი კონსტრუქცია მთლიანად მოარღვიეს.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან ხმაურის შექმნას დილიდან სხვადასხვა გზით ცდილობდნენ. მათ შორის იყო ლაზარე გრიგორიადისიც. ისიც ერთ-ერთია დაკავებულებს შორის.

იყო არაერთი გაფრთხილება და არაერთი მოწოდება. სამართალდამცავები მომიტინგეებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე გაავრცელა განცხადებაც. ძალოვანი უწყება ოფიციალურ წერილში აფრთხილებდა მომიტინგეებს რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა იმ ახალგაზრდებს შორისაც, რომლებიც უკვე ერთი თვეა უწყვეტი პროტესტის მონაწილეები არიან. დამცავი რკინის კონსტრუქციის დაზიანებას რუსთაველის გამზირზე მყოფთა ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. რამდენიმე ახალგაზრდამ მათი შეჩერება არაერთხელ სცადა.

დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დაკავების სხვა რამდენიმე ეპიზოდიც იყო. მათ შორის აიყვანეს მიტინგის ის მონაწილეც, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს კედელზე წარწერა გააკეთა. 

მთელი დღის განმავლობაში ხმაური იყო საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე სხვა ქუჩებზეც. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

საღამოს 7 საათისთვის საპოლიციო ძალები დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდნენ, სამართალდამცველებმა დაზიანებული ჯებირი აღადგინეს და რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს კვლავ მისცეს პროტესტის გაგრძელების საშუალება.

 

დღის ამბები