16 ივნისი 2024,   15:07
ვრცლად
"დიდი პალატა ამ საკითხს, დიდი ალბათობით, არ მიიღებს წარმოებაში" - ექსპრეზიდენტის ადვოკატები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ექსპრეზიდენტის ადვოკატები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ისინი სამ თვეში მიმართავენ დიდ პალატას, რომელიც საბოლოო ინსტანციაა.

იუსტიციის სამინისტრო, კიდევ ერთხელ, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცედურები წარიმართა სამართლიანად და მსჯავრდადება კარგად იყო დასაბუთებული.

საუბარია ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საჩივარს წარმოებაში არ მიიღებს.

"ეს, რა თქმა უნდა, არის მათი იურიდიული შესაძლებლობა, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილებიდან აშკარაა, რომ ამას არანაირი პერსპექტივა არ ექნება. პირველ რიგში, თითქოს და პოლიტიკური დევნის ნაწილზე, იმდენად დაუსაბუთებელი იყო მათ მიერ წარდგენილი საჩივარი ევროპულ სასამართლოში, რომ ევროპულმა სასამართლომ დასაშვებადაც არ მიიჩნია, არსებითად ემსჯელათ, შესაბამისად, პროცედურულად შეუძლებელია პოლიტიკური დევნის ნაწილში საქმე დიდ პალატაში წაიღონ. რაც შეეხება სხვა მუხლთან მიმართებით, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ შეუძლიათ ეს გააკეთონ, მაგრამ გვგონია, რომ ეს არის უბრალოდ მომჩივნის მიმართ თავის მართლების შესაძლებლობა, მათი მხრიდან, ან ზოგადად ცდილობენ, როგორღაც თავი აარიდონ უხერხულობას, რაც შეიქმნა გადაწყვეტილებით. ცდილობენ, საკითხი გადაავადონ, თუმცა დარწმუნებულები ვართ, დიდი პალატა ამ საკითხს, დიდი ალბათობით, არ მიიღებს წარმოებაში", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

დღის ამბები