26 ივნისი 2024,   15:40
ვრცლად
რატომ მოკლა ახალგაზრდა კაცმა რუსთავის ბაზარში ბიძა და კიდევ 3 ადამიანი - რა ჩანს "კურიერი P.S.-ის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებში

ერთი კაცის 5 მსხვერპლის უმძიმესი ისტორია აქ, რუსთავის ბაზარში ასე ვითარდება:

დილის 10:00 საათი - .ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე სანადირო თოფით შეიარაღებული გიორგი ორველაშვილი შედის, უახლოვდება ხორცის სექციას, სადაც წლების განმავლობაში ბიძასთან და ბიძაშვილთან ერთად ვაჭრობდა. მიზანში სწორედ ახლო ნათესავებს იღებს. ცეცხლს ჯერ ბიძას, ნოდარ ორველაშვილს უხსნის, შემდეგ - ბიძაშვილს. დამნაშავე ესვრის მოპირდაპირე დახლის მოვაჭრეებს და ბოლოს, შემთხვევით გამვლელ ტაქსის მძღოლს, რომელიც მის შეკავებას ცდილობს.

საქმის მთავარ მტკიცებულებებში, ვიდეოჩანაწერებში, რომელიც "კურიერი P.S-მა" მოიპოვა, ჩანს, როგორ გარბის შეიარაღებული დამნაშავე ტერიტორიიდან.

სანამ ტერიტორიას დატოვებს, დამნაშავე იარაღს იქვე, მიწაზე აგდებს. ქუჩას კვეთს და ერთ-ერთ აფთიაქში შედის. სწორედ აქ არის ჩაწერილი მისი პირველი აღიარება. როგორც ირკვევა, მანამდე ფარმაცევტებს დამამშვიდებელი სთხოვა, შემდეგ კი უთხრა, რომ მკვლელობა ჩაიდინა. რამდენიმე წუთში, ადგილზე პოლიცია მივიდა.

გიორგი ორველაშვილი დააკავეს. ცნობილი გახდა, რომ 5 დაჭრილიდან მხოლოდ 1 - დამნაშავის ბიძაშვილი, 26 წლის ნიკა ორველაშვილი გადარჩა. ბაზარში მომხდარზე საუბარი დღესაც უჭირთ.

რატომ გაიმეტა საკუთარი ბიძა და ბიძაშვილი სასიკვდილოდ გიორგი ორველაშვილმა - მოკლულის ოჯახს კონკრეტული ვერსია არ აქვს. ბიძაშვილის მიერ დაჭრილი ნიკა ორველაშვილი "კურიერს" სახლში არ დახვდა, ის დღემდე კლინიკაშია და მკურნალობას აგრძელებს.

გიორგი ორველაშვილის კიდევ ერთი მსხვერპლი პაატა მჭედლიძეა - ტაქსის მძღოლი, რომელიც მკვლელის შეკავებას ცდილობდა. დამნაშავემ ბოლო ტყვია მას ესროლა. შეიარაღებულ თავდასხმას ვერ გადაურჩნენ ძმები მალხაზ და დავით აბულაშვილებიც.

პროკურატურა ნათესავების მკვლელობის მიზეზად შურისძიებას ასახლებს. მაგრამ, რატომ გაიმეტა დამნაშავემ კიდევ 3 ადამიანი, ამას ვერც გამოძიება ხსნის.

კაჭრეთში, გიორგი ორველაშვილის სახლიდან წაიღო მან რუსთავში, მკვლელობის იარაღი. ირკვევა, რომ სახლში 2 თოფი ინახებოდა, ერთი - დამნაშავის ძმაზე გაფორმებული. გიორგი ორველაშვილმა დანაშაული სწორედ ძმის იარაღით ჩაიდინა. სწორედ ამიტომ, სანადირო თოფის დაუდევრად შენახვისთვის, დააკავეს მისი ძმაც, გოგიტა ორველაშვილიც. ძმების საქმეზე რუსთავის სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო. გიორგი ორველაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დანიშნულმა ექსპერტიზამ მკვლელობაში ბრალდებულის შეურაცხადობა დაადასტუროს. გოგიტა ორველაშვილის დამცველი კი აღიარების მოტივით, 19 წლის სამხედროსთვის, მსუბუქ სასჯელს ელოდება.

მოკლულის შვილისთვის გაუგებარია, რატომ არ გადამალეს ოჯახის წევრებმა იარაღები, როდესაც, მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, გიორგი ორველაშვილის აგრესიულ ქმედებებზე არაერთი გაფრთხილება მიიღეს. "კურიერი P.S.-ი" კაჭრეთში, ბრალდებულის დედასთან ჩავიდა. მშობლის მტკიცებით, სასტიკ დანაშაულში ბრალდებული შვილისთვის ფსიქიკური პრობლემები არასდროს შეუნიშნავს.

ახლა ყველაფერი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული - აიცილებს თუ არა 4 ადამიანის მკვლელობაში და მეხუთე პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული უვადო პატიმრობას. დაზარალებულები უმკაცრეს სასჯელს ითხოვენ.

დღის ამბები