18 ივნისი 2024,   16:03
ვრცლად
ერთი დღე ევროპის ჩემპიონატის გახსნამდე და დებიუტანტი საქართველო ახალი ჰიმნითა და სლოგანით - როგორია მატჩის წინა ვარჯიშები და როგორ ემზადება მიუნხენი საზეიმო გახსნისთვის

ერთი დღე ევროპის ჩემპიონატამდე და ისტორიული ტურნირი, რომელიც მხოლოდ ერთი ნაკრებისთვისაა გამორჩეული - ერთადერთი დებიუტანტი, რომელიც კონტინენტის პირველობისთვის პირველად იბრძოლებს, ეს საქართველოა. ჩვენს ფეხბურთის გუნდს ევროპის ჩემპიონატისთვის ახალი ჰიმნი აქვს, სლოგანით - "ჩვენ აქ ვართ!"

შესაძლოა, ქართული ფეხბურთის ისტორიის კიდევ ერთი ახალი ფურცელი დაიწეროს. საქართველოს ნაკრები ტურნირისთვის პატარა ქალაქ ფელბერტში ემზადება. მათ გასამხნევებლად ქუჩები ხუთჯვრიანი დროშებით მორთეს.

"კურიერის" კამერა არის ერთადერთი, რომელიც ქართველ მაყურებელს ეროვნული გუნდის თითოეულ ნაბიჯს უზიარებს. "რუსთავი 2-მა" გადაიღო ნაკრების ღია ვარჯიშიც. ჩვენი ფეხბურთელები ასეულობით ქომაგმა უსაზღვრო ემოციით დამუხტა.

ქართველმა ფეხბურთელებმა საჩვენებელი ვარჯიშის შემდეგ დრო ქომაგებსაც დაუთმეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, სადაც სპორტსმენები გულშემატკივრებს ავტოგრაფებს ურიგებენ და მათთან ერთად ფოტოებს იღებენ.

საქართველოს ნაკრებთან ერთად ჩემპიონატისთვის მზადება ევროპის კიდევ 23 ქვეყანას აქვს დაწყებული, მათ შორის არიან თურქებიც. ისინი, ვისაც საქართველო პირველს დაუპირისპირდება. ეს მატჩი 18 ივნისს დორტმუნდში გაიმართება.

საქართველო ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას სამ სხვადასხვა ქალაქში ითამაშებს. დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში. თურქეთის მერე ჩვენი გუნდი ჩეხეთს, შემდეგ კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატს გერმანია უკვე მესამედ მასპინძლობს. ტურნირი ხვალ მიუნხენში, "ალიანს არენაზე" საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. ფინალი კი, ზუსტად ერთ თვეში, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე შედგება.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი, ლაშა ბერძენიშვილი 

 

 

დღის ამბები