18 ივნისი 2024,   17:08
ვრცლად
"ეს ნაციზმის ახალი ტალღაა, ახლა ნაციზმი რუსულია" - როგორ უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის ულტიმატუმს ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ

ომის 843-ე დღე უკრაინაში - ფრონტის ხაზზე ვითარება ისევ დაძაბულია. ხარკოვის ოლქის სოფლებზე რუსეთის საჰაერო იერიშებს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ომში მყოფ ქვეყანაში, მხოლოდ გასულ ღამეს, 81 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტმა უკრაინის ტერიტორიაზე 17 სარაკეტო და 38 ავიაშეტევა განახორციელა.

ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი შვეიცარიაშია, სადაც დღეიდან "მშვიდობის გლობალური სამიტი" იწყება. 2-დღიან სამიტში 100-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს. ვოლოდიმირ ზელენსკის ლიდერებისგან კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯების მოლოდინი აქვს.

იქამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების დაწყებისთვის აუცილებელია უკრაინამ ჯარები გაიყვანოს დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ხერსონიდან, ზაპოროჟიედან და, ასევე, უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე.

"ჩვენი პირობები ასეთი საუბრის დასაწყებად მარტივია - უკრაინის ჯარები სრულად უნდა გაიყვანონ დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან, ამ რეგიონების მთელი ტერიტორიიდან. როგორც კი კიევში განაცხადებენ, რომ მზად არიან ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და დაიწყებენ ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან, ასევე, ოფიციალურად განაცხადებენ ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე უარის თქმის შესახებ, ჩვენი მხარე დაუყოვნებლივ, იმავე წუთში გასცემს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების ბრძანებას. უკრაინის ნეიტრალურ, უბლოკო, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსი აუცილებელი პირობაა,"-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს "რუსული ნაციზმის ახალი ტალღაა", ხოლო პუტინის წინადადება ჰიტლერის გზავნილს ჰგავს ჩეხოსლოვაკიის შესახებ.

"რა უნდა ითქვას ამ გზავნილებზე?! ეს ულტიმატუმია და არაფრით განსხვავდება წინა ულტიმატუმებისგან, რომლებიც მან ადრე წამოაყენა. რეალურად, ჩვენ თვალს ვადევნებთ ნაციზმის აღორძინებას. ეს ნაციზმის ახალი ტალღაა, ახლა ნაციზმი რუსულია. პუტინი გვეუბნება, რომ ჩვენი მიწების ნაწილი მივცეთ - ოკუპირებულებიც და არა ოკუპირებულებიც. ამბობს, რომ ამის შემდეგ გაჩერდება და რომ არ იარსებებს არანაირი გაყინული კონფლიქტი. მისი გზავნილი იგივეა, რაც ჰიტლერმა თქვა ასი წლის წინ, როდესაც განაცხადა: "მომეცით ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და ამით ყველაფერი დასრულდება". არა, ეს ტყუილია, ისტორიული ტყუილი. შემდეგ იყო პოლონეთი, შემდეგ კი მთელი ევროპის ოკუპაცია. თქვენ იცით, რომ ნაციზმის ეს ტალღა არასდროს გაჩერდება. ასეთ გზავნილებს ვერ ენდობი. პუტინი იგივე გზას მიყვება. დღეს პუტინი საუბრობს ოთხ რეგიონზე, 2014-ში კი, როდესაც რუსული ოკუპაცია დაიწყო მხოლოდ ყირიმსა და დონბასზე საუბრობდა. ის ჩვენი ქვეყნის ნაწილებზე საუბრობს და მათ რუსულს ეძახის,"-განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები