05 ივლისი 2024,   00:15
ვრცლად
მთელი თბილისი ქუჩაშია - გულშემატკივარი წმინდა გიორგის ძეგლის ირგვლივ შეიკრიბა და საფეხბურთო გმირებს თავისუფლების მოედანზე ელოდება

ერთი შეხედვა, ერთი ხელის ჩამორთმევა, მადლობის თქმის საშუალება - მთელი თბილისი ქუჩაშია. გულშემატკივარი ახლა წმინდა გიორგის ძეგლის ირგვლივ არის თავმოყრილი და საფეხბურთო გველეშაპებთან მებრძოლ თავის ახალ გმირებს ელოდება. 

"იმიტომ ვარ აქ, რომ ბევრი წლის განმავლობაში, ვიღაცის ფანკლუბში ვიყავი, ხან პორტუგალიის, ხან სხვას ვგულშემატკივრობდი. პირველად მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ ევროპის ჩემპიონატზე და ეს არის ყველაზე მაგარი გრძნობა, ფეხბურთის მოყვარულები გამიგებენ და იციან, ეს რაც არის," - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი

21:30 საათზე ეროვნული ნაკრები ღია ავტობუსით დაიწყებს თავის ტრიუმფალურ სვლას თავისუფლების მოედნისკენ, სადაც "ჯვაროსნებს" ზღვა ემოცია, დიდი სიყვარული და უდიდესი ზეიმი ელოდებათ. ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა რამდენიმე წუთში დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება.

"ვილი სანიოლის ბიჭები სახლში მიდიან, სადაც 3 მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი სამართლიანად მიიღებს მათ გმირებად "- ეს სიტყვები ბრიტანულმა "გარდიანმა" გუშინ დაწერა. ასეც მოხდა. შოუ, რომელიც უშიშარმა ნაკრებმა გერმანიაში დადგა, ახლა უკვე საქართველოში გრძელდება. საქართველო დარწმუნებულია, რომ ეს დიდი ზეიმის მხოლოდ დასაწყისია. ამაში დარწმუნებულია დღესასწაულის შემქმნელი ეროვნული ნაკრებიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ. იქამდე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრების დამარცხება, ჯგუფიდან გასვლა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ასპარეზობა მოახერხა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მსვლელობისთვის ემზადებიან.

 

დღის ამბები