05 ივლისი 2024,   21:55
ვრცლად
"საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" - საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გვიანობამდე გაგრძელდა

"საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" - საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გვიანობამდე გაგრძელდა. მოქალაქეები ქალაქის ქუჩებში და ქვეყნის მთავარ მოედანზე იმისთვის შეიკრიბნენ, რომ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა ეთქვათ ჩვენი ფეხბურთელებისთვის, საქართველოს ნაკრების წევრებისთვის, რომლებიც ჯერ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ, შემდეგ ჯგუფიდანაც გავიდნენ, ღირსეული თამაში აჩვენეს და მსოფლიო აალაპარაკეს.

თავისუფლებაზე იდგა ყველა ასაკის მოქალაქე - დიდები და პატარები. მსვლელობა, ღია ავტობუსით, მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიწყო, ბოლო გაჩერება კი თავისუფლება იყო, სადაც სპეციალურად დამონტაჟებული სცენიდან ნაკრების წევრებმა და ვილი სანიოლმა მოქალაქეებს მიმართეს.

თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც - ირაკლი კობახიძემ ბიჭებს მადლობა გადაუხადა. სახალხო ზეიმს შეუერთდა პრეზიდენტიც - სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ნაკრების და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. საღამო ფოიერვერკით დასრულდა.

ზუსტად 21:30 საათზე, მაშინ, როდესაც ისტორიული მოვლენის მთავარი გმირები მიხეილ მესხის სტადიონიდან დედაქალაქის მთავარი მოედნისკენ დაიძრნენ, ქალაქში მორიგი დღესასწაული დაიწყო.

ტაში, სიმღერა, შეძახილები და მადლობა – ასობით ქომაგმა ასე ნაკრებისა და მისი ფეხბურთელების მიმართ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატა - მათ მიმართ, ვინც ქვეყანას ბოლო 2 კვირაში განსაკუთრებული სიხარული აჩუქა.

ფეხბურთელთა ღია ავტობუსს მთელი გზა – მიხეილ მესხის სტადიონიდან, ჭავჭავაძეზე, მელიქიშვილსა და რუსთაველის გამზირზე გულშემატკივართა კოლონა მოჰყვებოდა. ჭარბობდნენ პატარები, არავის დავიწყებია მთავარი ატრიბუტიკა – საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა.

თითქმის ერთსაათიანი მსვლელობის შემდეგ, ავტობუსი დანიშნულების მთავარ წერტილზე მივიდა – გმირებს აქ უფრო მეტი გულშემატკივარი ელოდა. ნაკრების ფეხბურთელებს ქომაგებმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთვის ჰიმნად ქცეული სიმღერა შეაგება და ფეხბურთელებიც აიყოლია.

ამის შემდეგ, ევროპული თავგადასავლის მთავარმა გმირებმა უკვე სცენაზე გადაინაცვლეს. ათასობით გულშემატკივარს პირველმა ნიკა კვეკვესკირმა მიმართა. სწორედ მას დაეკისრა მთავარი პასუხისმგებლობა - ქომაგების წინაშე ნაკრების წევრების წარდგენის.

"საქართველო, საქართველო!" - ეს შეძახილი არც პირველი და არც ბოლო იყო – საქართველო თავისუფლების მოედნიდან არაერთხელ გაჟღერდა. გაჟღერდა მადლობაც, თუმცა, ამ შემთხვევაში - მადლობა გულშემატკივარს.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრებს ღირსების ორდენები გადასცა.

თავისუფლების მოედანზე, ბოლო 2 კვირის სიხარულის, ბედნიერებისა და ცრემლების შემაჯამებელი მთავარი დღესასწაული გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. ემოციების გარეშე ფეხბურთელების ტერიტორიის დატოვება გაუჭირდათ.

გულშემატკივართან ზეიმის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა, გვიან ღამით, თავისუფლების მოედნიდან რესტორან "თეატრში" გადაინაცვლეს, სადაც, მათი პატივისცემის ნიშნად, საზეიმო ვახშამი მოეწყო. მადლობა ქომაგების მიმართ აქაც არაერთხელ გაჟღერდა.

ქართველმა ფეხბურთელებმა 2-კვირიანი ევროპული ტრიუმფი სიმღერითა და ცეკვით შეაჯამეს.

საზეიმო ვახშამს ხელისუფლების პირველი პირებიც ესწრებოდნენ. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ის, რაც ბიჭებმა გააკეთეს, მხოლოდ დასაწყისია.

ზეიმის შემდეგ, გვიან ღამითვე, ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა საქართველო დატოვა. ვილი სანიოლი საზეიმო ვახშმიდან პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მივიდა.

ევროპული თავგადასავალი 26 მარტს დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. გერმანიაში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ, ეროვნული ნაკრები არა მხოლოდ საკუთარი ერის, არამედ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.

დღის ამბები