06 ოქტომბერი 2024,   11:13
ვრცლად
ბათუმში იუსტიციის სახლის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა

ბათუმში, კიდევ ერთი, იუსტიციის სახლის რიგით 120-ე ფილიალი გაიხსნა. იუსტიციის სახლის ბათუმის №2 ფილიალი "ბათუმი ცენტრალი"-ს შენობაში განთავსდა და ქალაქის მოსახლეობასთან ერთად, მიმდებარე დასახლებების მცხოვრებთაც მოემსახურება.

ახალ ფილიალში დასაქმებული 40-ზე მეტი ადგილობრივი თანამშრომელი მომხმარებელს 500-მდე სერვისს იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით მიაწვდის. შესაბამისად, გაუმჯობესდება მომხმარებელთა ნაკადების მართვა-გადანაწილება, რაც ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს.

ახალი ფილიალი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ იუსტიციის სახლის ბათუმის №2 ფილიალი ქალაქის სწრაფი ურბანული განვითარებით განპირობებულ მზარდ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით 120 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. რამდენიმე კვირაში იუსტიციის სახლის კიდევ ერთი − 121-ე ფილიალი ქალაქ ხაშურშიც გაიხსნება.

დღის ამბები