16 სექტემბერი 2024,   10:55
ვრცლად
საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია. გიორგი გაბიტაშვილი, ვიქტორ ახალბედაშვილი და დარეჯან ბუცხრიკიძე.

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია: 

ვიქტორ ახალბედაშვილი  - 9 ხმა
დავით ბარბაქაძე - 1 ხმა
ლალი ბუნტური  - 0 ხმა 
დარეჯან ბუცხრიკიძე   - 10 ხმა
გიორგი გაბიტაშვილი   - 11 ხმა
ალექსანდრე კობაიძე - 0 ხმა​
ანდრონიკ სარიბეკოვი  - 1 ხმა

საბჭოს წევრები ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და სამიდან ერთს შეარჩევენ, რის შემდეგაც კანდიდატურა პარლამენტს გადაეგზავნება.

გადაწყვეტილება საბჭოს თორმეტი წევრიდან თერთმეტმა მიიღო, ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიას. გასაუბრება კანდიდატებთან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე შოთა ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ კენჭისყრის შედეგად მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი შეირჩა.

"დავასრულეთ კენჭისყრის პროცედურა და კენჭისყრის შემდგომ ეტაპზე სამი კანდიდატი გადავიდა. ესენი არიან: გიორგი გაბიტაშვილი, ვიქტორ ახალბედაშვილი და დარეჯან ბუცხრიკიძე,"- აცხადებს ტყეშელაშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ პროცესი საინტერესოდ წარიმართა.

"პროცესი საინტერესო იყო ჩვენს საზოგადოებას შეეძლო გასაუბრებისთვის ლაივ რეჟიმში ედევნებინათ თვალი. ის სამეული, რომელიც შეირჩა არის საკმაოდ საინტერესო, ხვალ კი საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც გადაუგზავნის საქართველოს პარლამენტს,"- აცხადებს იონათამიშვილი.

დღის ამბები