25 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
საფეხბურთო ზეიმი დასასრულს უახლოვდება - ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალი 14 ივლისს გაიმართება

საფეხბურთო ზეიმი დასასრულს უახლოვდება. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე, მხოლოდ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი დარჩა. ფინალი, სადაც ერთმანეთს საუკეთესოები დაუპირისპირდებიან.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოვიდა. ტურნირს მხოლოდ ერთი დებიუტანტი, საქართველოს ნაკრები ჰყავდა. ჩვენმა გუნდმა მონდომების და თავდადების ხარჯზე, დიდ წარმატებას მიაღწია. პორტუგალიის ნაკრებთან მოგების გარდა, საქართველომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიც დაძლია, სადაც მთავარმა ფავორიტმა და უკვე ერთ-ერთმა ფინალისტმა, ესპანეთმა მოუგო. "ფურია როხა" ორ დღეში ტიტულისთვის ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ იბრძოლებს.

ესპანეთმა ნახევარფინალში ძალიან ძლიერ საფრანგეთის ნაკრებს 2:1 აჯობა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 16 წლის ლამინ იამალი დასახელდა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო.

ზედიზედ მეორე შანსი, რომელიც ინგლისის ნაკრებს მიეცა. საუთგეიტის გუნდმა ნახევარფინალში, ნიდერლანდებთან, ბოლო წუთზე უოტკინსის გატანილი გოლით მოიგო და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. კონტინენტის პირველობის ფინალში ინგლისმა 2021 წელსაც ითამაშა. მაშინ თასი იტალიამ აღმართა. ინგლისელთა მწვრთნელმა მეტოქე შეაქო, თუმცა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ზედიზედ მეორედ ფინალის წაგებას არ აპირებს.

ევროპის რიგით მე-17 ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. გადამწყვეტი მატჩი 14 ივლისს, ბერლინში, ოლიმპიაშტედიუმზე ჩატარდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი. 

დღის ამბები