23 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს - რატომ არ აქვს სიახლეს ოპოზიციის მხარდაჭერა

საკანონმდებლო ორგანო ახალი კანონის მისაღებად ემზადება - მომდევნო კვირას, დეპუტატები მსჯელობას ამნისტიის პროექტზე დაიწყებენ. დოკუმენტი უკვე ინიციირებულია. პროექტის ავტორი "ქართული ოცნებაა" და მიზანი პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობის შემცირებაა რაც, საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, საქართველოს ევროპულ სტანდარტთან კიდევ ერთი ნაბიჯით დაახროვებს. პროექტი დარეგისტრირებულია, თუმცა, საპარლამენტო განხილვებისას, ცვლილებებს დეპუტატები არ გამორიცხავენ.

ამნისტია, სხვადასხვა ეფექტით, 300-მდე მუხლზე გავრცელდება. ამის პარალელურად, უკვე ცნობილია, რომ კანონპროექტი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დაშაბულებისთვის მსჯავრდადებულ პირებს არ შეეხება. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციითვე, პროექტზე დეპუტატებმა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავეს.

"ქართული ოცნების" ინიციატივას წინასაარჩევნო კამპანიად თვლის ოპოზიცია, რომლის უდიდესი ნაწილი საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ აქტით, მმართველი ძალა, არჩევნებისთვის მსჯავრდადებული პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ხმების მობილიზებას ცდილობს.

ერთადერთი პარტია, რომელიც განხილვებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, "გირჩია". ისინი ამნისტიის პროექტს მიესალმებიან და მეტიც - ფიქრობენ, რომ შეწყალება უფრო მეტ მუხლზე უნდა გავრცელდეს.

"ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული პროექტი, დღეს, პრემიერ-მინისტრმაც შეაფასა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პროექტში ორი მთავარი ფაქტორი - მოქალაქეთა უსაფრთხოება და ევროპული სტანდარტი გათვალისწინებულია.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა. პროექტის დასამტკიცებლად, საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა გახდება საჭირო.

 

დღის ამბები