ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში იმართება. 50-მდე ქვეყნის ლიდერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ქალაქ ვუდ-სტოკში, ბლენ-ჰაიმის სასახლეში მასპინძლობს.
ირაკლი კობახიძე სამიტის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი თემა ენერგეტიკა და დაკავშირებადობაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ განსაკუთრებულ როლზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლის შესრულებაც საქართველოს დაკავშირებადობის კუთხით შეუძლია.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპაში ბევრ ლიდერს არ ესმის რამდენად რთულია ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა დაიცვას ყველა მიმართულებით საკუთარი სუვერენიტეტი.
"საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა. მისი საქმეებიც ძალიან კარგად მიდის. საქართველო ძალიან რთული პირობების მიუხედავად იცავს საკუთარ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. სამწუხაროდ, ევროპაში ბევრ ლიდერს არ ესმის რამდენად რთულია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დაიცვას ყველა მიმართულებით საკუთარი სუვერენიტეტი. ძალიან ვაფასებ იმას, რასაც საქართველო აკეთებს", - განაცხადა ორბანმა.
მოლდოვას პრეზიდენტის მაია სანდუას განცხადებით, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნებისთვის კარგი შესაძლებლობაა საერთო გამოწვევებზე იმსჯელონ, ამ მხრივ კი ყველაზე დიდი პრობლემა რუსულია აგრესიაა.
"ეს ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნებისთვის კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ საერთო გამოწვევებზე. ყველაზე დიდი პრობლემა კი ამ მხრივ რუსული აგრესიაა უკრაინაში. სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ უკეთ როგორ დავეხმაროთ მათ. ჩვენს კონტინენტზე დემოკრატია დარტყმის ქვეშაა, მოლდოვაც პრაქტიკულად საკუთარი დემოკრატიის დაცვის ფრონტის ხაზზეა,თუმცა ეს სამიტი ევროპის ერთობისა და ერთად მუშაობის ნათელი დემონსტრირებაა", - განაცხადა მაია სანდუმ.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენ სტოლტენბერგის განცხადებით, დღეს განიხილავენ იმას თუ როგორ დაიცვან დემოკრატია შიდა და გარე საფრთხეებისგან.
"ახლა არის დრო თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის, ამის ადგილი კი უკრაინაა. დღეს განვიხილავთ იმას თუ როგორ დავიცვათ დემოკრატია შიდა და გარე საფრთხეებისგან. ბოლო თვებში აქტიურად ვხედავთ რუსეთის მავნე ქმედებებს. რუსეთის მიზანია ძირი გამოუთხაროს უკრაინის მიმაღთ ჩვენს მხარდაჭერას, მაგრამ ამაზე უარს არ ვიტყვით,მის მხარდაჭერას ვაგრძელებთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.