29 სექტემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ინდოეთში, ნიპაჰის ვირუსს 14 წლის ბიჭი ემსხვერპლა - მთავრობა კონტაქტებს იკვლევს და ინფექციის გავრცელების ზონაში მცხოვრებ ადამიანებს პირბადის ტარებას ურჩევს

ინდოეთში, ნიპაჰის ვირუსის გავრცელების შედეგად, 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა კერალას შტატში დაფიქსირდა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის რისკჯგუფში კიდევ 60 ადამიანი შედის.

შტატის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილი მოზარდი ქალაქ პანდიკადიდან იყო და მასთან კონტაქტში მყოფი პირები იდენტიფიცირებულები არიან. მისი განმარტებით, მათ შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ და იზოლაციაში იმყოფებიან.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ინფექციის გავრცელების ზონაში უსაფრთხოების ნორმები დაიცვან, ატარონ პირბადე და შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან.

ეპიდემიის გამომწვევი პოტენციალის გამო, ნიპაჰი, რომელიც ხილის მჭამელი ღამურებიდან და ისეთი ცხოველებიდან ვრცელდება, როგორიცაა ღორი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პრიორიტეტულ პათენოგენად აქვს კლასიფიცირებული. მან ადამიანი შეიძლება ლეტალურ შედეგამდე მიიყვანოს, ცხელებით გამოწვეული ტვინის შეშუპების გამო. ვირუსი თავდაპირველად 25 წლის წინ გამოვლინდა მალაიზიაში და მოგვიანებით, მისი აფეთქებები ბანგლადეშში, ინდოეთსა და სინგაპურში დაფიქსირდა.

დღის ამბები