კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსით, საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის დასახელდა. გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებული შედეგებით, საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 4 ბალიანი სისტემით 2,86 ქულა დაიმსახურა.
ანალოგიური შეფასება ჩვენმა ქვეყანამ წინა წელსაც მიიღო. საქართველო მსოფლიო რეიტინგში 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 45-ე ადგილზეა. კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსი განიმარტება, როგორც "აღმასრულებელი ხელისუფლების (მთავრობის, მეთაურის და მინისტრთა კაბინეტის) მხრიდან კონსტიტუციის დაცვა და პატივისცემა."
2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია. ქვეყანას, 2012 წელს კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის მიხედვით, მსოფლიოში 93-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11 წლიან პერიოდში კი მსოფლიო რეიტინგში, 48 ადგილით დაწინაურდა. 2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს, დიდი შვიდეულის 2 სახელმწიფოს და ბევრ განვითარებულ ქვეყანას, კერძოდ: ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, პორტუგალიას, ჩეხეთს, პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, სამხრეთ კორეას, თურქეთს და სხვა.
"დემოკრატიის მრავალფეროვნება" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტია, უშუალოდ დემოკრატიაზე.
პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4 000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.