25 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საგანძური - დოკუმენტური ფილმების ყველა სერია ერთ სივრცეში განთავსდება

"რუსთავი 2-მა" გადაწყვიტა, ერთ სივრცეში მოეყარა თავი დოკუმენტური ფილმებისთვის, რომლებიც, წლების განმავლობაში, ამ არხზე შეიქმნა. ჩვენი ტელეარხის ვებგვერდზე - rustavi2.ge, შეგიძლიათ ნახოთ, თომა ჩაგელიშვილის ფილმები და ისტორიაში იმოგზაუროთ. "რუსთავი 2"-ის საგანძურს, მალე დოკუმენტური ფილმების ახალი სერია შეემატება.

ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ განვითარებული ისტორიული მოვლენები დოკუმენტურ ფილმებში იყრის თავს. ბულგარეთში, რუმინეთსა თუ იერუსალიმში დაცული ქართული მემკვიდრეობის საგანძურის სანახავად, მეგზურობას ისტორიის შემგროვებელი თომა ჩაგელიშვილი გვიწევს.

ქართველი მაყურებლებისთვის შექმნილი დოკუმენტური ფილმები სატელევიზიო ეთერში უკვე გავიდა, ახლა კი ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება, ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლოს და, "რუსთავი 2-ის" ვებგვერდის დახმარებით, დროში და საუკუნისწინანდელ ამბებში იმოგზაუროს იმისთვის, რომ ახალი თაობისთვის ვირტუალურ სივრცეში კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული თავგადასავლები.

ქარტეხილებს გაუძლო, 300 წლის წინ, ეგვიპტეში მოხვედრილმა ქართველი მეომრების ამბავმაც - ოსმალებმა მონებად რომ იყიდეს და საქართველოდან შორს იძულებით რომ წაიყვანეს. ქართველ ახალგაზრდებს ისინი ასწავლიდნენ ცხენზე ჯირითს, იარაღის გამოყენებას და ზრდიდნენ პროფესიონალ სამხედროებად.

თომა ჩაგელიშვილი, ამჯერად, უკვე მამლუქების გზას გაივლის და მაყურებელს მოუყვება ამბავს ლეკების მიერ მარტყოფიდან გატაცებულ პატარა ბიჭზე, რომელიც ეგვიპტის მმართველი გახდა და, პირამიდების მახლობლად, ნაპოლეონ ბონაპარტის ებრძოდა.

ეგვიპტეში მოგზაურობა სექტემბრიდან დაიწყება. მეომრების ქვეყნიდან "რუსთავი 2" მაყურებელს დოკუმენტურ სერიებად მოუყვება ტყვედ გაყიდულ ქართველებზე, რომლებმაც ფარაონების ქვეყანაში ისტორია შეცვალეს.

დღის ამბები