დემოკრატიის ფესტივალში, რომელიც დანიური ფონდიდან ფინანსდება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორი მონაწილეობს. ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიისთვის, ამჯერად თელავი, სასტუმრო "ალაზნის ველი" შეირჩა. სასტუმროს ეზოში გამოფენილია სტენდები, მათ შორის არის "ნაციონალური მოძრაობის" ბანერი - "თავისუფლება მიშას".
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის- პროგრამების ხელმძღვანელი, მაია მაჭავარიანი ამბობს, რომ იქნება დისკუსიის ფორმატი პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ დრო გამოყოფილი, წარადგინონ თავიანთი საქმიანობა.
"მიზანი არ არის წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად ყველამ მიიღოს ფესტივალში მონაწილეობა. ჩვენ გვექნება დისკუსიის ფორმატი პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, სადაც წარადგენენ მოკლედ წინასაარჩევნო პროგრამებს. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ იგივე დრო გამოყოფილი, რომ მათ წარადგინონ თავიანთი საქმიანობა," - აცხადებს მაია მაჭავარიანი.
უცხოური დაფინანსებაში, პრობლემას ვერ ხედავენ, შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციური პარტიები.
"ეს ერთიანობა, კოორდინაცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი საერთო გამარჯვებისთვის. რესურსები, რაც ხმარდება ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუციების განმტკიცებას, დემოკრატიას, ინფორმირებას, არანაირი პრობლემა არ არის ასეთი თანხები. რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა ქართული ოცნებისთვის," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პოლიტიკური პლატფორმა "ერთიანობა", პეტრე ცისკარიშვილი.
ღონისძიებას ესწრება პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ოპოზიციური კოალიცია "ძლიერი საქართველო", მამუკა ხაზარაძე, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი შეკრება ადამიანების გაცნობას ემსახურება.
"დღეს აქ პარტიების პროგრამების წარდგენა არ არის, მე ვფიქრობ, რომ ეს არის გაცნობა ადამიანებთან. გავეცნობით, ხელს ჩამოვართმევთ და ვეტყვით ვინ ვართ და რა გეგმები გვაქვს. რაც უფრო მეტი ღონისძიება იქნება, უფრო მეტად ახლოს იქნება გაცნობილი სხვადასხვა პარტიების პროგრამები და ხედვები ჩვენი მოქალაქეებისადმი, იქნება ძალიან კარგი," - ამბობს მამუკა ხაზარაძე.