21 დეკემბერი 2024,   21:11
ვრცლად
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 4 პირი დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ლ.ქ. ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის დაკავებული არიან - 1989 წელს დაბადებული ო.ბ. და 2005 წელს დაბადებული ნ.ფ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ჯ.ფ.

მათივე ცნობით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, ბრალდებულმა ლ.ქ.-მ
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, სოფელ დიღომში, ცივი იარაღით
რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლობელს 1987 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.ქ.
საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც უწყება აღნიშნავს, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ.ქ. კახეთში დააკავეს.

"გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტს შეესწრნენ, ბრალდებულის და
მოკლულის საერთო მეგობრები - ო.ბ. და ნ.ფ., რომლებმაც მომხდარი მკვლელობის
საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო ბრალდებული ჯ.ფ.-სთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა", - აღნიშნავენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები