16 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
"სულ სიცრუე  იყო, არის და იქნება მათი კამპანიის მთავარი ღერძი და საფუძველი, მაგრამ დაიწყეს ნეგატიური კამპანია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ" - მამუკა მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"

მმართველი გუნდი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ნეგატიურ კამპანიაზე საუბრობს. უმრავლესობის ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის" კამპანიას ეხმაურება და დამკვირვებლებს მიმართავს, ანგარიშებში ასახონ "ოცნების" წინააღმდეგ წარმოებული ზიზღის კამპანიის ფორმები.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საარჩევნო ბანერი განათავსა, რომელშიც მათი და მმართველი პარტიის საარჩევნო ნომრებია მითითებული, "ნაცმოძრაობის" ისარი მარცხნივ, ოცნების კი მარჯვენა მხარეს არის მიმართული.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც მოგვიანებით ბანერის პირველი ვერსია შეცვალა, თავად ისიც ვერ მოიფიქრა, რომ საკუთარი პარტიის ისარი წარსულისკენ არ მიემართა.

უმრავლესობის ლიდერი ნეგატიურ კამპანიაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" არც ერთი მსგავსი ბანერი არ გაუკეთებია.

"ზიზღის კამპანია და ანტირეკლამა დაიწყეს იმით, რომ საკუთარი ბანერის, "ნაცმოძრაობის" ისარი მიმართეს წარსულისკენ, მარცხენა მხარეს და მარჯვნივ "ქართული ოცნების". ეს სწორი მიდგომა იყო, ქვეცნობიერმა თავისი ქნა. პირველ ვერსიაში იმდენიც კი ვერ მოიფიქრეს, რომ წარსულისკენ არ მიემართათ თავისი პარტიის ისარი და ჩვენი – მომავლისკენ. ჩვენი დისკრედიტაცია უნდოდათ და მომავლისკენ გაიშვირეს ჩვენი ისარი – ეს ქვეცნობიერის გამოძახილი იყო. ახლა ვიღაცამ ურჩია ეტყობა, ან როზნერმა, ან "მესინა ჯგუფმა" და შეატრიალეს, მაგრამ შეტრიალება სიმართლეს არ ცვლის. უნდა დავაფიქსიროთ ისიც, რომ ჩვენ არცერთი მსგავსი ბანერი არ გაგვიკეთებია, მათ დაიწყეს ნეგატიური კამპანია. სიცრუე გასაგებია. სულ სიცრუე იქნება, იყო, არის და იქნება მათი კამპანიის მთავარი ღერძი და საფუძველი, მაგრამ დაიწყეს ნეგატიური კამპანია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ვთხოვ ყველა ობიექტურ, ბრჭყალებში თუ მის გარეშე ობიექტურ დამკვირვებელს, რომ დააფიქსირონ რა, როდის, რა რიცხვში დაიწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ". არცერთი ნეგატიური ბანერი ჩვენ არ დაგვიმზადებია. მათ ასეთი კამპანია დაიწყეს და ყველა დამკვირვებელს ვთხოვ ხაზგასმით, რომ ეს კარგად დააფიქსირონ. ანგარიშები რომ გამოქვეყნდება, არავის დაავიწყდეს ანგარიშში იმის შეტანა, როდის და რა ფორმით დაიწყო ამის კეთება "ნაციონალურმა მოძრაობამ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები