პარლამენტში საშემოდგომო სესია გაიხსნა, თუმცა სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიებმა, რომლებიც მოქალაქეებისგან პარლამენტში მანდატს ითხოვენ, ქართველი ხალხის სამსახურს, უცხოელებთან ერთად კონფერენციაზე დასწრება არჩიეს.
შვედეთის სამეფოს საგარეო განვითარების მინისტრი დიანა იანსე აცხადებს, რომ კონფერენციაზე საუბრის თემა, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მოახლოებული არჩევნები და უკრაინაში მიმდინარე ომია:
"სანამ აქ ვარ ვიყენებ შესაძლებლობას შევხვდე ხალხს და კონფერენციის წარმომადგენლებს, როგორც სამოქალაქო სექტორიდან, ასევე პოლიტიკური პარტიებიდან. ვერ ვისაუბრებ ჩემი შეხვედრის დეტალებზე, მე აქ უბრალოდ კონფერენციას ვესწრები. საუბრის თემა, რა თქმა უნდა, არის ის, თუ რა ხდება საქართველოში და როგორ ვითარდება მოვლენები. ვისაუბრეთ არჩევნებზე, ქვეყანაში არსებულ ატმოსფეროზე და უკრაინაზე,"- აცხადებს დიანა იანსე.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი, კოალიცია ”ძლიერი საქართველო” სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ შვედეთის მაღალი დონის ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს საქართველო ევროპულ დღის წესრიგზე.
ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის მმართველმა დირექტორმა დევიდ კრამერმა კი, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, რომ ბატონი ივანიშვილის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გლობალური ომის პარტიის ნაწილია, უხერხული და შეურაცხმყოფელია. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დასახმარებლად 6,5 მილიარდი დოლარი გამოყო და მე სრულად ვუჭერ ამას მხარს, მაგრამ იმის თქმა, რომ ჩვენ გლობალური ომის პარტია ვართ, როდესაც რუსეთს აქვს თქვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული, აბსურდულია. ვფიქრობ, რომ მისი როლი და განცხადებები ძალიან არა სასარგებლოა და უკვე წლებია რაც ვამბობ, რომ დროა მას პასუხისმგებლობა დავაკისროთ,"- აღნიშნავს ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის მმართველი დირექტორი დევიდ კრამერი.
თბილისი "რუმსში" კონფერენცია უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. მას უცხოელი პოლიტიკოსები და ექსპერტები, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან.
პანელურ დისკუსიებზე ისმის მთავრობის საწინააღმდეგო განცხადებები და სანქციების მოთხოვნა.