შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე, სამგზავრო მატარებლის სამუშაო პლატფორმასთან შეჯახების ფაქტზე, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რის გამოც ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი კვლავ გაჩერებულია. მგზავრთა ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა.
"ორ საათზე მეტია გაჩერებულები ვართ, როგორც გვითხრეს, რაღაცას შევეჯახეთ. ნაწილი მეორე მატარებელს ელოდება, რათა მოხდეს ევაკუაცია სადგურზე", - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.