12 ოქტომბერი 2024,   01:00
ვრცლად
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა უკავშირდება ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე - ირაკლი კობახიძე

"ელჩის გაწვევისგან განსხვავებით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალურად, ეს არ არის იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც 2022 წელს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით იყო მიღებული.

"მაშინ ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ, იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია ელჩი საქართველოდან. ეს იყო პოლიტიკური აქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს ამსაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს ჩაითვალა არაადეკვატურად, მიმდინარე ომის ფონზე და ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ, განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები