21 დეკემბერი 2024,   20:54
ვრცლად
ვინ დადებს პირობას რომ არჩევნების შემდეგ არ ითანამშრომლებს "ქართულ ოცნებასთან"? - მელია-გვარამია-ხოშტარიას ინიციატივა და დანარჩენი ოპოზიციის პასუხი

ვინ მოუწერს ხელს გვარამიას - ყოფილი "ნაციონალების" ახალი პარტია ოპოზიციას ახალ პირობებს უყენებს. სწორედ ამ პირობაზეა დამოკიდებული, მოხვდება თუ არა კონკრეტული პოლიტიკოსი საარჩევნო სიაში. კოალიციის "ცვლილებისთვის" არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს "ქართულ ოცნებასთან." გვარამია და მელია იმავეს ითხოვენ სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, თუმცა იდეას მხოლოდ მათი ყოფილი თანაპარტიელები იზიარებენ.

ხელისუფლების ოპონენტების დიდი ნაწილი მსგავსი შეთანხმების აზრს ვერ ხედავს, ნაწილისთვის კი, ყოფილი და მოქმედი "ნაციონალია" წითელი ხაზი.

გვარამია-მელია-ხოშტარიას ინიციატივა ახალი არ არის - დიდი ხანია, ამას ამბობენ "გახარია" და "ლელო", თუმცა, ყოფილი "ნაციონალების" ახალი კოალიციისგან განსხვავებით, ორივე პარტია ირწმუნება, რომ ის, "ქართული ოცნების" გარდა, არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" აპირებს თანამშრომლობას.

ძირითადად, საუბარია კოალიციურ მთავრობაზე, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ არჩევნებსა და ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. ამიტომ, ყოველგვარი წინასწარი დათქმები და პირობები, "ქართული ოცნებისთვის", ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაა.

პირობა გვარამია-მელია-გირჩი-დროას გაერთიანებამ ხელმოწერით დაადასტურა. კოალიციაში "ცვლილებებისთვის" მიიჩნევენ, რომ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, "ქართულ ოცნებას", მთავრობის ფორმირების პროცესში, ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაემიჯნოს. ულტიმატუმი წაუყენეს საკუთარ მხარდამჭერებსაც.

ყოფილებთან იდეური თანხვედრა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ წევრებს აღმოაჩნდათ. პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ინიციატივა მისაღებია, თუმცა პირდაპირ არ პასუხობს კითხვას - მოაწერენ თუ არა ხელს ყოფილი თანაგუნდელების პირობას.

ოპოზიციის ნაწილმა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ და ყოფილ წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათთვის წითელი ხაზი მხოლოდ "ქართულ ოცნებაზე" არ გადის. "გირჩში" და გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ თანამშრომლობას არც ყოფილ და არც მოქმედ სახელისუფლებო გუნდთან არ აპირებენ. შეთავაზება პასუხისა და კომენტარის გარეშე დატოვა "ლელომ".

გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის ინიციატივა, მმართველი გუნდის აზრით, ოპოზიციის საერთო, წარუმატებელი გეგმის ნაწილია. "ქართულმა ოცნებამ" ახალი გაერთიანების ძველ სახეებს დღეს წარსულში გაჟღერებული და შეუსრულებელი პირობებიც შეახსენა.

ოპოზიციური კოალიცია ინიციატივით დღეს გამოვიდა. პირობას, ამ დროისთვის, ხელს მხოლოდ 4 პოლიტიკოსი აწერს - ოთხივე ამ გაერთიანების წევრია.

დღის ამბები