21 დეკემბერი 2024,   21:09
ვრცლად
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსი "პრანკერების" მახეში - რა თემებზე ესაუბრა რადოსლავ სიკორსკი სატელეფონო ხულიგნებს, რომლებმაც მას პოროშენკოს ხმით დაურეკეს

ანჟეი დუდას შემდეგ რუსმა "პრანკერებმა" კიდევ ერთი პოლონელი მაღალჩინოსანი აალაპარაკეს. ცნობილმა სატელეფონო ხულიგნებმა, რომლებიც "ვოვანი და ლექსუსის" სახელით მოქმედებენ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ხმით დაურეკეს.

ის, რაც ევროკავშირის კულუარებში ტრიალებს, საჯაროდ არის გამოტანილი. რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ უკრაინის "ნატო"-ში გაწევრიანება წითელი ხაზია, ევროკავშირში მიღების პროცესი კი ათწლეულებზე გაწერილი.

ევროკავშირში გაწევრიანებას უკრაინის სოფლის მეურნეობის პოტენციალიც აფერხებს, ევროპარლამენტში არ მოსწონთ უკრაინული დეპუტაციის სიდიდის პერსპექტივაც.

პოლონეთს არ სურს არც საკუთარ ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდება - ევროპას რუსეთთან ომი არ აწყობს.

"მთავარია ფრონტი არ ჩამოგექცეთ და ოდესა არ დაკარგოთ," - ასე არიგებს ჭკუას სიკორსკი პრანკერებს, თუმცა ჰგონია, რომ პოროშენკოს ესაუბრება.

ყველაზე მთავარი ფრაზა კი მაინც ეს არის: "ნატო"-ს მიდგომა თვალთმაქცურია. დასავლეთი უკრაინის "ნატო"-ში გაწევრიანების საკითხს რუსეთთან სავაჭროდ იყენებს."

რუსი "პრანკერები", რომელთა სამიზნეც აქამდე პოლონეთის პრეზიდენტი და კიდევ მსოფლიოს ათობით ლიდერი გამხდარა, დასავლეთის რეაქციითაც დაინტერესდნენ. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ კიევი ფრონტზე კონტროლს დაკარგავს, შეუერთდება თუ არა ვარშავა უკრაინის დაცვისთვის ბრძოლას პარიზთან და ბერლინთან ერთად.

იყო შეკითხვა "ნატო"-ში უკრაინის ახლო პერიოდში გაწევრიანების შესაძლებლობაზეც, სადაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ სავარაუდო კალკულაციებზე ისაუბრა, რომელიც დასავლეთში არსებობს და აგრეთვე იმ წითელ ხაზებზე, რომლის გადაკვეთასაც დასავლეთი არ გეგმავს. ამასთან, დიპლომატი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა პუტინს ისეთი პირობა უნდა შეუქმნას, რომ მას მოკავშირეების ნაბიჯებზე მკითხაობა მოუხდეს.

"პრანკერების" კითხვის პასუხში სიკორსკიმ იმ განსხვავებულ ფაქტორებზე ისაუბრა, რომელიც ამჯერად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოქმედებს. ეს იმ კითხვის საპასუხოდ, სადაც "ვოვანმა და ლექსუსმა" მას ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული გაწევრიანების სპეციალური გზა უხსენეს.

რუსი "პრანკერების" სამიზნეში არაერთი ცნობილი ფიგურა მოხვედრილა, მათ შორის ბორის ჯონსონი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ჯორჯ ბუში და სხვები. "ვოვანი და ლექსუსი" საკუთარ ქვეყანაში მსგავს ზარებს არ ახორციელებენ. მათ თავადვე თქვეს, რომ ეს ზიანს ქვეყანას მიაყენებს. მათი სატელეფონო ზარების შინაარსი კი, ძირითადად, რუსული ხელისუფლების ინტერესში შედის, რის გამოც, ბევრი, "პრანკერების" "ეფესბესთან" აფელაციის საკითხს აყენებს.

დღის ამბები