21 დეკემბერი 2024,   20:59
ვრცლად
"კვლავ გვაქვს თავისუფალი ადგილები ახალ ბაღებში" - რამდენი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღით შეხვდება დედაქალაქი სააღმზრდელო წელს

დედაქალაქი ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 16 სექტემბერს გაიხსნება ოთხი საბავშვო ბაღის ახალი შენობა: N19 საბავშვო ბაგა-ბაღი დიდუბის რაიონში, N124 საბავშვო ბაგა-ბაღი ისნის რაიონში; კრწანისის რაიონში N71 და ჩუღურეთის რაიონში N2 საბავშვო ბაგა-ბაღების სრულად რეაბილიტირებული შენობები, რომლებსაც კონტინგენტი დაუბრუნდება ალტერნატიული ფართებიდან. სექტემბრის ბოლოს კი გაიხსნება ახალი N30 საბავშვო ბაგა-ბაღი ისნის რაიონში. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია დედაქალაქში სკოლამდელი განათლების საჯარო სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ, ამ მიზნით აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა და ახალ სააღმზრდელო წელს ვხვდებით 5 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღით. ახალი ბაღების მშენებლობით ახალი სააღმზრდელო წლისთვის შევძლებთ დამატებით 2000-მდე აღსაზრდელის მიღებას." - ამბობს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი.

როგორც კახა აბულაძე ამბობს, ახალ ბაღებში თავისუფალი ადგილები კვლავ არის, შესაბამისად, გარკვეულ უბნებში სკოლამდელ განათლებაზე მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. 

"დღეის მდგომარეობით 16 000-მდე აღსაზრდელმა გაიარა რეგისტრაცია და კვლავ გვაქვს თავისუფალი ადგილები ახალ ბაღებში, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ უბნებში სკოლამდელ განათლებაზე მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. გარდა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებისა, საკმაოდ შეზღუდულ დროში, სააგენტოსა და ბაგა-ბაღების ადმინისტრაციების ძალისხმევით განხორციელდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ინტენსიური და უწყვეტი სამუშაო პროცესი იმისთვის, რომ ჩვენს პატარებს სათანადოდ კეთილმოწყობილი გარემო დახვდეთ თავიანთ ბაღებში,"- აღნიშნა კახა აბულაძემ.

დღის ამბები