"კურიერის" მიერ მოპოვებული სამეთვალყურეო ჩანაწერებით ირკვევა, რომ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი - ბექა ჯაიანი, 18:53 საათზე, მიდის ავთანდილის 8 ნომერში, გადმოდის ტაქსიდან და შედის სუპერმარკეტში. 18:55 საათზე ის უკვე სადარბაზოშია და ლიფტს ელოდება. ხელში უჭირავს პროდუქტიც, რომელიც, სავარაუდოდ, მან მარკეტში შეიძინა.
ამავე ჩანაწერების მიხედვით, 19:09 საათზე ის კიბეებზე ჩარბის და სირბილითვე ტოვებს ტერიტორიას.
ჩანაწერებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ დანაშაული დაახლოებით 14 წუთში მოხდა.
კესარია აბრამიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, გუშინ საღამოს მოკლეს. მას მრავლობითი დაზიანებები, ცივი იარაღით, ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. შსს-მ ეჭვმიტანილი - 26 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ" და "მ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.